ხატია დეკანოიძე – თუ რამეს ვაკეთებდი, მე ვაკეთებდი ამ ადამიანებთან ერთად, თუ რამე შემეშალა, შემეშალა მათთან ერთად


ავტორი
Front News საქართველო
თუ რამეს ვაკეთებდი, მე ვაკეთებდი ამ ადამიანებთან ერთად, თუ რამე შემეშალა, მე შემეშალა ამ ადამიანებთან ერთად, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის სტრატეგიაზე ნიკა მელიასთან ერთად პასუხისმგებლობას თავადაც იღებს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღებოდა, რაშიც ჩართული იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც დღეს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ითხოვენ.
“მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ ადამიანებთან ერთად ვადგენდით ამ სტრატეგიას და ერთად ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ თუ ვინმე გადაწყვეტს, დადგეს კანდიდატად და კიდევ სხვა, უკეთესი სტრატეგია წარმოადგინოს, მე მასთან ეს კითხვები მექნება, თუ როგორ აპირებს პარტიის გაძლიერებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტას. ჩემი გუნდი, ნიკა, გიორგი, პეტრე, ირაკლი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან, თუ რამეს ვაკეთებდი, მე ვაკეთებდი ამ ადამიანებთან ერთად, თუ რამე შემეშალა, მე შემეშალა ამ ადამიანებთან ერთად, თუ რამის გაკეთებას დავაპირებთ ამ პარტიაში, ერთად გავაკეთებთ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, სტრატეგია როგორი იქნება და თუ ვინმეს უკეთესი სტრატეგია აქვს, ეს ამომრჩეველს უნდა წარმოუდგინონ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ამ სტრატეგიის შედეგად მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით დღეს წინსვლა აქვთ.
“მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით დღეს გაცილებით წინ ვართ, ვიდრე ვიყავით რამდენიმე დღის წინ, არ შემიძლია ყველა დეტალის თქმა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, მისი თქმით, აქციების გზით შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა, რადგან ყოფილა შემთხვევა, როდესაც ღამის გათენების შემდეგ დილით პოლიციელები აქციის მონაწილეებზე მეტნი იყვნენ.
“აქციები და პროტესტი, თავგანწირვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ნებისმიერი აქცია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ კედელთან შეჯახება, შემდეგ უკურეაქცია, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ მცირე პროტესტს და რაც უფრო სისუსტის შთაბეჭდილება შექმნის. მე მახსოვს ისიც, რომ ერთ დილას, როდესაც ჩვენ დავრჩით ღამე, გაცილებით მეტი იყო მობილიზებული პოლიცია, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ამაზე, ალბათ, ჩვენ უფრო გულწრფელად უნდა გვესაუბრა ჩვენს ამომრჩეველთან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე