Logo

“ხომ შეიძლება პროფესიულად მოხდეს რაღაცის შეფასება, მაგალითად, ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე”

საზოგადოება
436
Frontnews image description

"ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.

"მოკლედ, არ ვიცი ვინ დაგვწყევლა, მაგრამ საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ.

ვუყურებ ამ გავრცელებული ჩანაწერების გარშემო მიმდინარე პროცესს და ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად მხვდება თვალში არის ისევ საზოგადოების პოლარიზაცია. ნაწილს სჯერა ნამდვილობის, ნაწილს – არა და ამ შინაგანი რწმენიდან გამომდინარე აფასებენ მოვლენებს. ?‍♂️

ერთხელ და სამუდამოდ, ხომ შეიძლება პროფესიულად მოხდეს რაღაცის შეფასება. მაგალითად, ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე, მათ შორის საზღვარგარეთ, თუნდაც კონკრეტული მედიის მიერ და დაიდოს კომპეტენტური დასკვნა, არის თუ არა საუბრის ის მომენტები, რომელიც სავარაუდო დანაშაულს ასახავს სრული, დაუმონტაჟებელი და ავთენტური. ხომ არ შეიძლება მუდმივად "არ არსებობს – არსებობს" რეჟიმში, შინაგანი რწმენით ვაფასოთ ყველაფერი? 

გარდა ამისა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უმაღლესი თანამდებობი პირთა საუბრის, და/ან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა ხვდება საჯარო სივრცეში.

მაინტერესებს, ქვეყანაში, სადაც საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პირადი ცხოვრებით დაწყებული, მოქმედი პრემიერის, ასევე ყოფილი პრეზიდენტის საუბრით დამთავრებული ყველაფერი შეიძლება მოსმენილი, ჩაწერილი და გამოქვეყნებული იქნეს, რა დაცულობაზე ვსაუბრობთ? 

თუ ისმენენ ასეთ საუბრებს, არის იმის გარანტია, რომ არ ისმენენ სხვა, უფრო მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საუბრებს? ?

საერთოდ არ ვსაუბრობ მტკიცებით ფორმაში არაფერზე, არც საუბრის შინაარსის ეთიკურ, მორალურ, თუ სამართლებრივ შეფასებას ემსახურება ეს კონკრეტული პოსტი. 

უბრალოდ, გარდა იმისა, რაც უკვე ბევრგან ითქვა, ასევე, საინტერესოა ეს საკითხებიც (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, სუბიექტურად)", – აცხადებს გიორგი გობრონიძე
 

თაგები:

Advertisement