კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ავტორი
Front News საქართველო
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს.
დავით გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის არ აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას და მხოლოდ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება, შტაბის სპიკერი კი – ანა ნაცვლიშვილი.
“ცოტა რთული გადაწყვეტილება მივიღე, გამოვედი კომფორტის ზონიდან და ჩავერთე ამ სერიოზულ ბრძოლაში. პირდაპირ რომ ვთქვა, ომში, რომელიც გველოდება წინ, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილება მოხდეს. ჩემი ამოცანა, ამ ადამიანებთან ერთად, იქნება, რომ კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” ყველაზე კარგი შედეგი დადოს ამ არჩევნებზე.
ამგვარი მიზანი ჩემთვის, ამ გუნდისთვის და ალბათ, მთელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს და იქნება ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ რეჟიმის ცვლილება, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულება. აქედან გამომდინარე, ჩემს ერთ-ერთ ფუნქციად ვხედავ იმასაც, რომ მაქსიმალური კოორდინაცია მოვახერხოთ კოალიციამ სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა 26 ოქტომბერს კოორდინირებულად დავაფიქსიროთ გამარჯვება, სახლში გავუშვათ რუსული ხელისუფლება და საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე.
სიმართლე გითხრათ, ეს არ ნიშნავს რაიმე ფორმით ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებას, მე არც დეპუტატობას ვაპირებ, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას, მე მხოლოდ ამ საომარი მოქმედებების დროს ვიქნები ხელმძღვანელი”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
კოალიციაში გაერთიანებული არიან “ლელო საქართველოსთვის”, ანა დოლიძის პარტია “ხალხისთვის”, პარტია “მოქალაქეები” და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”.
თაგები:
დავით გამყრელიძე




