“კომისია მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის დასკვნას დადებს”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რომ მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისია მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ დასკვნას დადებს.
მისივე განმარტებით, კომისიას განკვეთის უფლება არ აქვს. დოკუმენტი პატრიარქს უნდა გადაეგზავნოს და სწორედ ის გადაწყვეტს, უნდა აღსრულდეს თუ არა კომისიის დასკვნა.
„მუდმივმოქმედი ეპარქიალური სხდომა გაიმართა. მოწვეული იყო მღვდელმონაზონი ანდრია სარია. მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. მას ადრე მიეცა შენიშვნა, ამის შემდეგ, შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, დღეს შედგა კომისია. კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, დადებს დასკვნას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ და რეაგირებისთვის, ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება 2020 წლის 20 იანვარს აეკრძალა. ამის მიზეზად მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერება დასახელდა. მას სინანულისთვის დრო მიეცა.
თაგები:





