Logo

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის SHiP ექსპერიმენტის სპიკერმა ანდრეი გოლუტვინმა.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოება.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების კუთხით ახალი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას. ამასთანავე, ქართველი ინჟინრების CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში ჩართულობის ზრდას.

„სამმხრივი მემორანდუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს სამეცნიერო სივრცის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. CERN-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას ადგილობრივი კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და გლობალურ ექსპერიმენტულ ფიზიკაში ინტეგრაციისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი მკვლევრებისა და ინჟინრების საერთაშორისო პროექტებში ჩართვის პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოებას“, - განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისის ადრონული ცენტრისთვის. ცენტრი აღიჭურვება ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლებით, რომელიც განკუთვნილი იქნება სამეცნიერო კვლევების და სამკურნალო მიზნებისათვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები