Logo

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Frontnews image description

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა. ამ თარიღის ფარგლებში, KIU-სა და სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა ქარციძემ. ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, მუზეუმის და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თანამშრომლობა ითვალისწინებს KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტთა სტაჟირებას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით ერთობლივი საჯარო ლექცია-სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების მოწყობას. გარდა ამისა, KIU-ს სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებენ არქეოლოგიურ და ეთნოლოგიურ ექსპედიციებში.

მემორანდუმის თანახმად ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, სამეცნიერო და სამუზეუმო სფეროების მიმართულებით შეიქმნება ერთობლივი სასწავლო პროექტები, რომლებიც ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო მიზნით გამოიყენონ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის უმნიშვნელოვანესი მატერიალური და ინტელექტუალური ბაზა. სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები მუზეუმის შესაბამის კრებულში გამოქვეყნდება.

KIU-ს და აღნიშნულ მუზეუმს შორის წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა უკვე არსებობს: რამდენიმე თვის წინ, მუზეუმის სივრცეში, KIU-ს დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრები გამოიფინა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობას კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. 23 მაისს მუზეუმის კვირეულს საზეიმოდ დახურავს KIU კაპელა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური ინიციატივების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში წარმატებით ფუნქციონირებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები