ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაფუძნდა

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და STEM სფეროებში მულტიდისციპლინური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაფუძნდა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. ცენტრის პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, KIU-ს პროგრამების ხელმძღვანელები, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვლევით ცენტრს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ალექსანდრე მესხი უხელმძღვანელებს, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას ცენტრის მისია და ძირითადი მიზნები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლად დაფუძნებული ცენტრის სამომავლო გეგმებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევებსა და პერსპექტივებს STEM მეცნიერების მიმართულებით.
გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იქნება სივრცე, სადაც მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები გაერთიანდებიან ინოვაციური იდეების გარშემო, ჩაერთვებიან STEM კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო ფორუმებში.
ცენტრის ძირითადი მიზნებია: საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან ერთად სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება; ახალგაზრდა მეცნიერების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და მათი ჩართულობის გაზრდა STEAM პროექტების შექმნაში; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი შესაძლებლობების პოპულარიზაცია; KIU-ს როლის გაძლიერება საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს STEM მეცნიერების მიმართულებით პროგრამების განხორციელება და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ, ტექნოლოგიურ და სამეწარმეო ჰაბად.
ცნობილი ქართველი მათემატიკოსის და გამომგონებლის გიორგი ნიკოლაძის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომი უკავშირდება. საქართველოში დაარსებულია მისი სახელობის პრემია ტექნიკის დარგში საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისთვის.





