ქუთაისის ცენტრალურ სკვერში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე “UniverCity” განთავსდება

ავტორი
Front News საქართველო
"ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქი“ - ახალი შემეცნებით-ინოვაციური სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდება. მისი კონცეფცია და პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა.
"სივრცის კონცეფცია გულისხმობს ქუთაისის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის საგანმანათლებლო რეფორმასთან. ამ რეფორმის ფარგლებში ქუთაისს ენიჭება დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი საგანმანათლებლო ფუნქცია, რაც ქალაქისთვის დამატებითი შესაძლებლობაა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ და ამასთანავე, მათი თვითრეალიზების და ახალი შესაძლებლობების ცენტრად.
ეს უნიკალური სივრცე გააერთიანებს 4 საგანმანათლებლო მიმართულებას: ციფრული უნარები, ხელოვნური ინტელექტი და STEM სისტემები; კულტურული, სოციალური და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული სერვისები; დასვენების და შეხვედრების სივრცეები.
საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი ახალგაზრდული პროექტები, მოიწვიონ სტუმრები, გამართონ დისკუსიები, ჩაატარონ პანელური შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
სივრცე დაეთმობა KIU-ს ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო პროგრამებისა და ულტრათანამედროვე, რეგიონში უნიკალური საუნივერსიტეტო კამპუსის სიახლეებს. ქუთაისის უცხოელ ვიზიტორებს კი ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული ინფორმაცია ქალაქის როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე საგანმანათლებლო როლსა და შესაძლებლობებზე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამ წარმომადგენლობითი სივრცის შერწყმა ქუთაისთან, კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს პოზიციონირებას, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ, ტექნოლოგიურ და სამეწარმეო ჰაბად, რაც ხაზს გაუსვამს მის როლს ქუთაისის განვითარების საქმეში. ახალი სივრცე იდეურად ერწყმის ქუთაისის ისტორიულ როლს და ქალაქის შემოქმედებითი ფუნქციის გაძლიერებას", - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





