Logo

ლანდსბერგისი – არ უნდა გამოვკვებოთ დიქტატორები, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ევროპა ჩინეთის დახმარების გარეშე

მსოფლიო
480
Frontnews image description

დასავლურმა ქვეყნებმა არ უნდა ითანამშრომლონ ჩინეთთან, რადგან შესაძლოა, “რუსეთთან მეგობრობის“ შეცდომა განმეორდეს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

 

“დასავლეთი წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა დაარწმუნებს დიქტატორებს, მხარი დაუჭირონ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია წესებზე. მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და გამოვკვებეთ მათი ეკონომიკა ყველა წესის დარღვევით. ჩინეთი ფსონს დებს, რომ გავიმეოროთ ეს შეცდომა. დროა, ვცადოთ რაღაც განსხვავებული“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ადრე დასავლური ქვეყნები ავტორიტარულ რეჟიმებს გაზრდის საშუალებას აძლევდნენ “მესიანური ილუზიის“ გამო, რომ დასავლური გავლენის გავრცელება მხოლოდ უკეთეს ცვლილებებს გამოიწვევდა.

 

“ჩვენმა დაბნეულობამ სტრატეგიულად დაგვაბრმავა. ჩვენ უგულებელვყავით საფრთხეები არა მხოლოდ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის, არამედ თავად დასავლური საზოგადოებისთვისაც. ჯარები დაივიწყეს, საზღვრები დაუცველი დარჩა, აღდგენის და დამპყრობლების მოგერიების უნარი შემცირდა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ლანდსბერგისის თქმით, ეს “სტრატეგიული სიბრმავე” ჯერ არ განკურნებულა, ახლა დასავლეთი ირჩევს არ დაინახოს ჩინეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე და არის იმ შეცდომის გამეორების ზღვარზე, რომელიც დაუშვა რუსეთთან.

 

მისივე თქმით, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჩაიშალა. ამის მიუხედავად, თავდაცვის ხარჯების გაზრდის ნაცვლად, დასავლეთის ქვეყნები პეკინს სთხოვენ დახმარებას ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფაში.

 

“ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ევროპა ჩინეთის დახმარების გარეშე. დახმარების თხოვნის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები მზად არიან და შეუძლიათ უზრუნველყონ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება. ეს არის ერთადერთი სიგნალი, რომელიც უნდა გავაგზავნოთ“, – წერს ლანდსბერგისი.

 

მისივე აზრით, მსგავსი ძლიერი სიგნალი უნდა გაეგზავნოს ტაივანს, სადაც სტატუს კვოს შეცვლის ნებისმიერ მცდელობას უნდა ებრძოლონ.

Advertisement