ლარს ლოკე რასმუსენი – დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ


ავტორი
Front News საქართველო
“მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
“ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციების და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“, – განაცხადა დანიის პირველმა დიპლომატმა.
14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
ამასთან, დანიის პირველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
თაგები:
ლარს ლოკე რასმუსენი

ლარს ლოკე რასმუსენი – საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს

ჰაჯა ლაჰიბი – ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს