Logo

ლაშა ბერიძე – საბოლოო ჯამში, ტრამპიც გაუსწორებს იმ რეალობას თვალს, რომ ერთადერთი გზა ამ ომში არის ის, რომ გააგრძელონ უკრაინის მომარაგება

ინტერვიუ
1 დღის წინ / 05:20
Frontnews image description

info@frontnews.ge

ავტორი

Front News

admin

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც აცხადებდა, რომ უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა, პრეზიდენტობის 100 დღის თავზეც კი ჯერ სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწია. ტრამპი ისევ ამტკიცებს, რომ პუტინს ომის შეჩერება სურს. მისი თქმით, პუტინი პატივს სცემს მას და ამის გამო რუსეთი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს. თუმცა მისი განცხადებების პარალელურად რუსეთი უკრაინის ქალაქების, მათ შორის კიევის დაბომბვას განაგრძობს. ხოლო ტრამპის შეთავაზება ზელენსკის, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ყირიმი აღიაროს რუსეთის ტერიტორიად, უკრაინისთვის წითელი ხაზია. მაშ როგორ შეიძლება ჩიხში შესული მოლაპარაკებები გაგრძელდეს? – ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე საუბრობს.

– ტრამპი აზრს ხშირად იცვლის, ხან უკრაინას ყირიმის დათმობას სთხოვს, ხან რუსეთისთვის ახალ სანქციებზე ლაპარაკობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად გაურკვეველია, რა ტიპის სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს. ამასობაში რუსეთი კიდევ უფრო სასტიკად იქცევა, გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაბომბა კიევი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. რა პერსპექტივას ხედავთ მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით? 

– დონალდ ტრამპმა რაღაცა მოლოდინი შექმნა, რომ პუტინი ომს შეწყვეტდა და მას მისი დარწმუნების რესურსი ჰქონდა. ტრამპმა ამაში ჯერ საკუთარი თავი დაარწმუნა, მერე ამერიკელები და შემდეგ მთელი მსოფლიო. რეალობა კი სრულიად სხვაა. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ეს არის გრძელვადიანი ომი, რომლის შეჩერებაც ტრამპს არ შეუძლია. მას ამის რესურსი არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ტრამპი, ევროპელები რუსეთს რას სთავაზობენ. პუტინის პოზიცია არის ნათელი, დამნებდით, დამითმეთ ყველაფერი და ცეცხლს შევწყვეტ. ამიტომ ყირიმის შეთავაზებას, იმის აღიარებას, ამის აღიარებას, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. კი ბატონო, თუკი ყირიმს აჩუქებენ, რატომაც არა, წინააღმდეგები კი არ იქნებიან. ალბათ, რუსებს იდეალურ სამყაროში რომ დაელაპარაკო, ევაჭრო და რაღაცაში გაუცვალა დაკავებული ტერიტორიები კიდევ შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა რუსეთს რეალურად როგორიც არის და ვინც არიან, არაფერი შეცვლის. მათ სურთ უკრაინის მიწები და ამის მისაღებად აკეთებენ ყველაფერს. პუტინს არც არაფერი გადაუფიქრებია და ვერც ტრამპის ხათრით ვერ დათმობს ვერაფერს.

– ტრამპი ყირიმზე რასაც ამბობს და თუ უკრაინაც ტერიტორიების დათმობაზე დათანხმდება, ტრამპის შუამავლობა ვის რაღაში სჭირდებოდა? უიმისოდაც შეიძლებოდა გაემართა უკრაინას მოლაპარაკება და შეთანხმებისთვის მიეღწია. რუსეთი ტრამპის პირობებზეც კი არ არის თანახმა, უფრო მეტი უნდა, ვიდრე ტრამპი სთავაზობს. მისი განცხადებები რუსეთს უფრო ათავხედებს? რა სახის პრეცედენტი შესაძლოა, ყირიმის დათმობით მივიღოთ?

– რა თქმა უნდა, თუკი უკრაინას ყირიმის დათმობა მოუწევს და აჩუქებს ტერიტორიებს, ტრამპის გარეშე ამას ვერ იზამდნენ? ვის რა ჯანდაბად უნდა მაშინ ტრამპის შუამავლობა? დანებდებოდნენ, ჩამოურიგებდნენ ამ მიწებს და იქნებოდა სიმშვიდეც. მაშინ ზელენსკი თავად ეტყვის მოდი გაგიფორმებ ამ ტერიტორიებს და თავი დამანება თუ ძმა ხარ. ტრამპი შუამავლად რად უნდა? ესეც არ იქნება საკმარისი, რუსეთი მაინც არ დაანებებთ თავს. ცოტა ამოისუნთქავს და მერე ახალ შეტევას დაიწყებს. ვერცერთი უკრაინის ლიდერი ვერასდროს  ვერ გაბედავს, რუსეთს ეს ტერიტორიები გაუფორმოს და იურიდიულად ეს აღიაროს. ამიტომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ტრამპი რას იტყვის, რა განცხადებებს გააკეთებს და რა მოლოდინებს შექმნის. საბოლოო ჯამში, ტრამპიც გაუსწორებს იმ რეალობას თვალს, რომ ერთადერთი გზა ამ ომში არის ის, რომ გააგრძელონ უკრაინის მომარაგება, თუ უნდათ, რომ ამერიკა, როგორც მინიმუმ დასავლეთის ლიდერად დარჩეს. ევროპასთან ალიანსი უნდა შეინარჩუნოს და  ამა თუ იმ  ფორმით თანამშრომლობა გააგრძელოს. ან გლობალური ლიდერობა დათმოს და გავიდეს ევროპიდან. ამის მერე შევხედოთ ევროპა როგორ იმოქმედებს დამოუკიდებლად. დანარჩენი ტრამპის ბრახაბრუხია, რომელსაც მე სერიოზულად ვერ აღვიქვამ.

– სტივ უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა ასეთი ვერსია, რომ თითქოს პუტინი მზადაა ყირიმის სანაცვლოდ დანარჩენი 4 რეგიონი დათმოს და ომი გაყინოს. ფიქრობთ, რომ ეს რეალურია თუ ისევ  პუტინის თამაშის ნაწილია, რომელიც დროის მოგებას ცდილობს? რისთვის აკეთებს ამას?

– უიტკოფი ნამდვილად ძალიან ჭკვიანი და მდიდარი კაცია, თუმცა ასეთ მდიდარ ხალხს ახასიათებთ ერთი ნაკლი, რომ პოლიტიკურად სრული იდიოტები არიან. მით უმეტეს უიტკოფმა რა იცის პუტინის ვირეშმაკობის და რუსული პოლიტიკის. ეს ადამიანი რუსულ პოლიტიკაში რომ ერკვეოდეს, მიხვდებოდა, რომ პუტინს არაფრის დათმობაც არ უნდა და მის სიტყვას ერთ ნაბიჯზე არ უნდა ენდოს ადამიანი. პუტინს არც არასდროს უთქვამს უარი ლაპარაკზე. სულ მაგას არ ამბობდა, მოდი ვილაპარაკოთ, ოღონდ ჩემი წესებით და ჩემი სურვილების მიხედვით. არაფერი სიახლე მათ განცხადებებში, მოქმედებაში, პოლიტიკაში არ ჩანს. დაგვნებდით, ეს არის მათი მოთხოვნა და ომიც დასრულდება. დანებდეს მაშინ ტრამპი თუ უნდა, უკრაინელები ვერ დანებდებიან, ამის ფუფუნება არ აქვთ. ევროპელებიც ამას ვერ გააკეთებენ, რადგან მერე მათ გადასწვდება პუტინი. წესით არც ამერიკას შეუძლია მათ დანებდეს.

– რუბიოს პირით ტრამპი დაიმუქრა, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებებიდან ამერიკა გავიდეს.  ვის ემუქრება ამით რეალურად და რამდენად შესაძლებელია ტრამპი ამას სერიოზულად განიხილავდეს? 

– მე მგონია, რომ პუტინს ასეთ მუქარებზე მხოლოდ ეცინება. ან შესაძლოა, რუსულად ამბობს, მოდი ბიჭებო და ა.შ. ერთ ადგილას უშვებთ, აღარ დავაბოლოებ. კი ბატონო, სანქციებით რუსეთს ექმნება პრობლემები, მაგრამ რუსებს ახლა ამ სანქციებით ომის შეწყვეტას რომ აიძულებენ, მართლა არასერიოზულია. იმაზე კიდევ არასერიოზულია, როცა ტრამპი ამბობდა 24 საათში ომს დავასრულებო. ერთადერთი მუქარა, რაც რუსეთს აშინებს, ეს არის უკრაინის დახმარება და ომის გაგრძელება. სხვა ყველაფერი ამერიკელების მოსატყუებლად გამოიყენოს ტრამპმა. პუტინს ეგ ყველაფერი სულ ცალ ფეხზე კიდია. იმისთვის ტრამპის საუბარი მხოლოდ ბრახაბრუხია და კარგად ხალისობს.

– ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს რუსეთი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელს მოაწერს შეთანხმებას, ის სანდო არ არის. საფრთხე იმისა, რომ დაარღვევს შეთანხმებას, მუდმივად იქნება – ასეთია რუსეთი, ეს საქართველომ არაერთხელ იწვნია. ასევე საუბარია იმაზე, რომ პუტინს ომის შეჩერების შემთხვევაში პრობლემები გარემოცვასთან გაუჩნდება და მას ამას წაგებულ ომად ჩაუთვლიან. ასევე რუსეთში შესაძლოა, შიდა სახელისუფლებო რყევები დაიწყოს. როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემებიც აქვს პუტინს, რის გამოც ის ამ ნაბიჯს ვერ დგამს?

– ბევრი გამოდის და ამტკიცებს, რომ რუსული პოლიტიკის ექსპერტია და ა.შ. ლაპარაკობენ რაღაცებს, მაგრამ მე მგონია, რომ ამ ხალხის 90% გონში არაა როგორ მუშაობს რუსეთი. ახლა პუტინმა რომ ომი შეწყვიტოს, ამდენ ჯარს რა უნდა უქნას? სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. ომის შეწყვეტა ისევე, როგორც მისი გაგრძელება, პრობლემაა, მაგრამ როგორც ჩანს, პუტინი ფიქრობს, რომ ომის გაგრძელება ურჩევნია. რუსეთისთვის როგორც ქვეყნისთვის ომის გაგრძელება წამგებიანია, მაგრამ პუტინისთვის ეს უკვე საკუთარი იმიჯის და ძალაუფლების შენარჩუნების საკითხად იქცა. ახლა არ მგონია, რომ მან ომი შეწყვიტოს თუ უკრაინა არ დანებდა.

– ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსული ძალები უკრაინელთა დაცვის ხაზების გარღვევასა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევას ცდილობენ. ფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის განცხადება პუტინის მხრიდან ფარსია და ის აპირებს ფრონტის ხაზზე უკრაინელების დაცვის ხაზის გარღვევას?

– დიდი ალბათობით ვფიქრობ პუტინის ჩანაფიქრი სწორედ ეს არის. აღდგომასაც გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ უკრაინის ტერიტორიებს მაინც ბომბავდნენ. ასეთი ცეცხლის შეწყვეტაზე განცხადება, დასავლელ იდიოტებზეა გათვლილი, რომელთაც შეიძლება ამის მართლა სჯერა. ვინც რუსებს იცნობს და მათთან ჰქონია შეხება ისტორიის მანძილზე, ყველამ კარგად იცის რა ბუნების ხალხია. განსაკუთრებით პუტინის მოქმედებების სტილი ვინც იცის, ის მის არცერთ სიტყვას არ დაიჯერებს. რუსეთი რეალურად ძალიან პრიმიტიულად და მარტივად მუშაობს. პუტინი ცდილობს, რომ სიცოცხლეშივე რაღაცები გადაწყვიტოს. ხედავს, რომ მისი მემკვიდრე ჯერ არავინ ჩანს და მისი გარდაცვალების შემთხვევაში დიდი ჩავარდნა იქნება რუსეთში. ამიტომ მოსწრებაზეა და მოქმედებს იქამდე, სანამ ამის შესაძლებლობა აქვს.

ელზა პაპოშვილი

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები