Logo

ლელა ჯეჯელავა - არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მნიშვნელოვანი საკითხები იქ მაინცდამაინც კრებსითი წესით გადაწყდება

ინტერვიუ
62
Frontnews image description

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ეპოქალურ ცვლილებებსა და პატრიარქის არჩევის პროცესს თეოლოგი ლელა ჯეჯელავა აფასებს. სააგენტო Front News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თეოლოგი დეტალურად განიხილავს რუსეთის საპატრიარქოს ინტერესებს, ახალი პატრიარქის შიო III-ის მართვის სტილსა და იმ გეოპოლიტიკურ თუ შიდაეკლესიურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას საპატრიარქო ილია II-ის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ. ჯეჯელავა ყურადღებას ამახვილებს ეკლესიაში განათლების სისტემურ კრიზისზე, სახელმწიფო ხელისუფლებასთან ურთიერთობასა და საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების სირთულეებზე.

- ქალბატონო ლელა, როგორ შეაფასებდით პატრიარქის არჩევის პროცესს და იმ გარემოებას, რომელშიც ეს მოხდა? რამდენად პასუხობს შიო III-ის ფიგურა ეკლესიის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს?

- პრინციპში, მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ეს სავარაუდო სცენარი იყო, რომელიც მოსალოდნელი იყო, რომ განვითარდებოდა. ჩვენ ვნახეთ წინასაარჩევნო პროცესში რუსეთის დაუფარავი ინტერესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. სამწუხაროდ, მათ არ დაუმალავთ რუსეთის ამბავი, რომ მათი ინტერესი იყო, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართ ლოიალურად განწყობილი კანდიდატის დასმა არ მომხდარიყო.

თუ შედეგებით ვიმსჯელებთ და იმასაც ვნახავთ, რომ ძალიან მალე გუნდიაევმა მიულოცა ახალ პატრიარქს, შიო III-ს, ხოლო მისი სტატუსი შეკვეცილი აღმოჩნდა და ცხუმ-აფხაზეთის და ბიჭვინთის ეპისკოპოსად არ მოუხსენებია, ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის სრულიად მისაღები შედეგი დადგა. თუ საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთისგან დისტანცირებას დაიწყებს, მას აქვს ბერკეტი იმისა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია საქართველოს კანონიკური ეკლესიის საზღვრებს მიღმა დატოვოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ახლა რუსეთის ეკლესიის ამოცანა. ამას, რა საკვირველია, შეეცდებიან, რომ გააკეთონ, მაგრამ ესეც პოლიტიკურ კლიმატზე იქნება დამოკიდებული.

ჯერჯერობით, როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლების სტატუს-კვოთი რუსეთი კმაყოფილია. მაგრამ ჩვენ რა პროცესებსაც ვხედავთ რუსეთთან დაკავშირებით - რუსეთი კარგად აცნობიერებს გავლენების შემცირებას და მისი გეოპოლიტიკური ინტერესების სულ უფრო და უფრო შეკვეცას. ამიტომ ის, ბუნებრივია, შეეცდება იმის კომპენსირებას, სადაც მას ამის საუკეთესო ნიადაგი ექნება.

- ილია II-ის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, რა იქნება ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რასაც შიო III-ის მართვის სტილში უნდა ველოდოთ? იცვლება თუ არა „ეპოქა“ საპატრიარქოში? თუ პირიქით, შიო მესამე სწორედაც რომ ილია მეორის ხაზს გააგრძელებს?

- ილია მეორისთვის ის სტატუს-კვო, რომელიც მას ჰქონდა, საკმაოდ რთულად მისაღწევი იყო და ხშირად განპირობებული იყო მისი მაღალი უნარებით. შესაბამისად, სისტემა, რომელიც მას მართვისთვის ჰქონდა შექმნილი, ე.წ. ბალანსის შესაძლებლობას იძლეოდა. ნუ ვიტყვით, რომ ილია მეორის მმართველობის დროს ეკლესია რუსული საპატრიარქოსგან თავისუფალი იყო. ასე ნამდვილად არ იყო. საპატრიარქო და ილია მეორე მაინც ახერხებდნენ, რომ ბალანსი დაეცვათ, როგორიც იყო საქართველოს ხელისუფლების კურსი.

ილია მეორე პროევროპულიც შეიძლება იყოს, როდესაც ის საქართველოს ევროპულობაზე და მის კურსზე საუბრობს, რომ ძველი დასავლური ცივილიზაციაა საქართველო. ამავე დროს ვნახავთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ პუტინი ბრძენია და რომ ვიღაცა მესამე პირი ეცადა ჩვენს შორის ურთიერთობების გაფუჭებას. როცა ვხედავთ, რომ ის ამბობს - საქართველოს ადგილი ევროპაშია და პუტინი ბრძენიაო, ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს ერთი და იმავე ადამიანის გაკეთებული განცხადებაა. მე არ ვიცი, რამდენად მოახერხებს ახალი პატრიარქი ასეთ ორპოლარულ ნარატივზე იყოს და მაინც შეინარჩუნოს ის ავტორიტეტი, რაც ილია მეორეს ჰქონდა. ეს ძნელად წარმოსადგენია.

- პატრიარქის შეცვლა ხშირად იწვევს გავლენების გადანაწილებას სინოდის შიგნით. ვისი ფრთა შეიძლება გაძლიერდეს შიო III-ის პირობებში და რამდენად მოსალოდნელია შიდა საეკლესიო ოპოზიციის გააქტიურება?

- მე ვფიქრობ, რომ სინოდის წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, ჰგონიათ, რომ სინოდალური კრებსითი წესით მიღებული გადაწყვეტილებებით შეუძლიათ შიო III-ის ძალაუფლების დაბალანსება. მე მათ ადგილას ასე იმედიანად არ ვიქნებოდი. რამდენიმე ეპისკოპოსი უნდა გამოარჩიოს ახალმა პატრიარქმა, რადგან ექვსი ეპარქიაა დაქვრივებული. ამ გამორჩევის დროსაც, ბუნებრივია, შიო მესამე მის მიმართ ლოიალურ ადამიანებს გამოარჩევს. ეს კი დაემატება იმ ხმებს, რომლებიც მას ისედაც ჰქონდა.

არ იქნება მარტივი, რადგან ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს ეს ყველაფერი. შიო III-ის მართავს ისე, როგორც ის საჭიროდ ჩათვლის. სისტემა, რომლის ნაწილიც ის არის, სწორედ ამას მოითხოვს. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქ მაინცდამაინც კრებსითი წესით გადაწყდება. ამის ილუზიას შექმნის, მაგრამ ეს იქნება მისი გადაწყვეტილებები. მას ექნება იმის შესაძლებლობაც, რომ სინოდში თავისი გადაწყვეტილებები გაიტანოს, რადგან ბევრად უფრო მეტი მომხრე ეყოლება, ვიდრე მოწინააღმდეგე.

- ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა ეკლესიის როლი პოლიტიკურ პროცესებში. უკვე მოუწოდეს მას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა, რომ შეწყალების საკითხზე მიმართოს პრეზიდენტს და ის ამ პროცესში ჩაერთოს. თქვენი მოლოდინი როგორია?

- პატრიარქ შიო მესამეს ნამდვილად არ აქვს დიდი შერიგების რესურსი. დიდი შერიგება რომ მოხდეს, ამას პირველ რიგში სჭირდება არა პოლიტიკური მიზანშეწონილობა, არამედ მისი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. ის ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს, როგორც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პატრიარქი და საერთოდ არ სჭირდება ამ პირობებში, რომ საერთო სახალხო მხარდაჭერა ჰქონდეს.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით მისი პოზიცია. მაშინ სინდისის პატიმრები ამ რაოდენობით არ გვყავდა, როცა საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ეხებოდა, მან თქვა, რომ სინანულის გარეშე შეწყალება არ არსებობსო. რატომღაც მე არ გამიგია პატრიარქ შიოსგან, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საქართველოს მიმართ რამე მოსანანიებელი. ალბათ, შიო მესამის პოზიცია იქნება ასეთი, რომ სჯობს ამ ხალხმა მოინანიონ და მაშინ ხელისუფლება მათ შეიწყალებს. სტეფანე კალაიჯიშვილმა სწორედ ეს გააჟღერა უკვე და ის ახალი პატრიარქის დიდი მხარდამჭერია. დიდი ალბათობით, სწორედ ეს არის შიო მესამის პოზიციაც. ან ვის წინაშე უნდა მოინანიონ? დღეს საქართველოში გეგულებათ ადამიანი, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ამ ქვეყნის წინაშე, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო სინანული ჰქონდეს და გამოხატოს?

- ილია II სარგებლობდა უპრეცედენტო საზოგადოებრივი ნდობით. რა იქნება შიო III-ის მთავარი გამოწვევა ამ ნდობის შესანარჩუნებლად იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება ეკლესიისგან უფრო მეტ პასუხს ითხოვს აქტუალურ სოციალურ პრობლემებზე?

- საქმე იმაშია, რომ ჩვენ რომ გვცოდნოდა, როგორი იქნებოდა ახალი პატრიარქის პასუხები, სოციალური დოქტრინა, როგორი იქნება მისი საგარეო პოლიტიკა, როგორი იქნება მისი საგანმანათლებლო პოლიტიკა, რა საკვირველია, მე უფრო თამამად შემეძლო ამაზე მეპასუხა. სამივე მიმართულება, მიუხედავად ილია მეორის ავტორიტეტისა, საქართველოს ეკლესიაში ძალიან პრობლემურია.

მე შემიძლია გითხრათ, რომ თავის დროზე, როდესაც პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასულიერო აკადემიაში მიეღო ადამიანები, რომლებმაც იქაც კი ვერ ჩააბარეს გამოცდები, არათუ ეროვნული გამოცდები, მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, რომელმაც სრულიად აღშფოთებულმა ვუთხარი პატრიარქს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მაშინ მან მითხრა - ამ ადამიანების ქუჩაში დგომას სჯობიაო. მე კი ვკითხე, რომ მაშ ეკლესიებში სჯობია ამ ადამიანების ყოფნა? ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა განათლების თვალსაზრისით, რაც შემდგომ მრევლზეც აისახება. სრულიად გამრუდებული წარმოდგენები აქვს მრევლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მის პერსპექტივებზე, მტერზე, მოყვარეზე და ყველაფერზე. დიახ, ეს იმის დამსახურებაა, რომ განათლების საკითხი საქართველოს ეკლესიაში უკიდურესი პრობლემაა.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები