Logo

ლელა ჯეჯელავა - საქართველო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, იპოვოს თავისი ადგილი იმ ალიანსებში, რომლებიც ახლა ფორმირდება

ინტერვიუ
201
Frontnews image description

Front News-თან ინტერვიუში საერთაშორისო ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა თანამედროვე მსოფლიო წესრიგის რღვევის პროცესს და ამ კონტექსტში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს მიმოიხილავს. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "კლიენტურ“ მიდგომებზე, სადაც უსაფრთხოება ფინანსური და პოლიტიკური კონტრიბუციის პირდაპირპროპორციულია.

ჯეჯელავა აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების „ჩიხურ“ პოლიტიკას, საგარეო იზოლაციასა და რეგიონული ლიდერის ფუნქციის დაკარგვას. მისი შეფასებით, ჩინეთთან დაახლოება ვაშინგტონისთვის „წითელი ხაზია“, ხოლო დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გაწყვეტა ქვეყანას რეგიონული რისკების (კერძოდ, ირანის გარშემო მიმდინარე პროცესების) წინაშე დაუცველს ტოვებს.

- ტრამპის პირობებში ალიანსები ღირებულებებიდან "კლიენტურ" დამოკიდებულებაზე გადავიდა. ამ ახალ რეალობაში, სადაც უსაფრთხოება პირდაპირპროპორციულია გაღებული კონტრიბუციისა, რა რესურსი აქვს საქართველოს, რომ ვაშინგტონისთვის კვლავ "საინტერესო პარტნიორი" გახდეს?

- ეპოქა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ძველი საერთაშორისო წესრიგის რღვევას გულისხმობს. ახალი თანამედროვე წესრიგის მიღების პროცესს ვადევნებთ თვალს. ამიტომ, სანამ ეს ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება, მანამდე ყველა ცდილობს, რაც შეიძლება ამ ახალი წესრიგის ფორმირების პროცესში მაქსიმუმი მიიღოს. რასაკვირველია, ამ პერიოდში ძლიერი ქვეყნები აგრესიულად იბრძვიან საკუთარი გავლენების კიდევ უფრო გასაფართოებლად. ეს არსი სახეზეა და ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. ახლა რა შეუძლიათ პატარა ქვეყნებს: გულხელდაკრეფილი საქართველო, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. ის მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, იპოვოს თავისი ადგილი იმ ალიანსებში, რომლებიც ახლა ფორმირდება; მაქსიმალურად ეცადოს რეგიონში საკუთარი ფუნქციის გამოკვეთას.

- როგორც ცნობილი ხდება, აზერბაიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტისგან დონალდ ტრამპისგან, „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქო მიწვევას დათანხმდა. საბჭოში საქართველოს სამეზობლოდან მიწვევა მიიღეს სომხეთმა, თურქეთმა და რუსეთმაც. რატომ არ მიიღო ეს მიწვევა ჩვენმა ქვეყანამ?

- აი, ამ ახალი წესრიგის ფორმირების დროს, საქართველომ კავკასიის რეგიონში სრულიად დაკარგა ლიდერის ფუნქცია. ის არავის არ აინტერესებს და მიბმულია უბრალოდ იმ პროცესებზე, რომლებიც კავკასიის რეგიონში განვითარდება. ეს არის ამ ხელისუფლების "დამსახურება" და ფასი, რომელსაც ისინი მოსახლეობას მშვიდობის სახელით აყვედრიან. ამიტომ თავად ის ფაქტი, რომ დავოსის საერთაშორისო ფორუმზე საქართველო არ იყო მიწვეული, ძალიან ცუდი ფაქტია.

ამ შეხვედრებს კლუბური ხასიათი აქვს ხოლმე, სადაც გარკვეული პოლიტიკური და ბიზნესწრეები იკრიბებიან იმისათვის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგის ახალი ტენდენციები განიხილონ. საქართველო არსად არ არის. ეს არის ფასი ამ ხელისუფლებისა, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს და რომლის გადახდაც ქართველ ხალხს უწევს. ჩვენს მოსახლეობას, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, არ მგონია, რომ უნდოდეს, მისი ქვეყანა საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამქრალი იყოს.

- ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი გაკვირვებულია, თუ როგორ შევძელი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის და სომხეთის ომის დასრულება, რადგან ეს მისი გავლენის სფეროაო. როგორ გაიგეთ მისი ეს განცხადება? ბევრმა ჩათვალა, რომ ტრამპმა კავკასია პუტინის გავლენის ტერიტორიად აღიარა...

- ეს კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავებულია, რადგან ტრამპმა თქვა, რომ პუტინი თვლის თავის გავლენის სფეროდ და არა ტრამპი ამბობს ამას. ის რომ ასე ფიქრობდეს, „ზანგეზურის დერეფანს“ „ტრამპის დერეფანი“ არ დაერქმეოდა. იქ, სადაც "ტრამპის დერეფანი" მოინიშნა, პუტინის გავლენის სფერო ვეღარ იქნება.

- "ქართული ოცნების“ მცდელობა, ჩინეთის სახით იპოვოს ალტერნატიული საყრდენი, რამდენად შეიძლება აღიქვას ტრამპის ადმინისტრაციამ „წითელ ხაზად“, იმის გათვალისწინებით, რომ პეკინი ვაშინგტონისთვის „სისტემური მეტოქეა“? ხომ არ ვრისკავთ საბოლოო იზოლაციას ორივე მხრიდან?

- რასაკვირველია, ეს ძალიან სახიფათო ზღვარია. მთელი ის გეოპოლიტიკური სვლები, რომლებსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები თავისი სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად ატარებს, ტარგეტირებულია ჩინეთზე. მათ შორის რაც მოხდა ვენესუელაში, რაც ხდება და მოხდება ირანში.

ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიზანმიმართულია იქითკენ, რომ ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესუსტება მოხდეს. შესაბამისად, ტრამპისთვის და მისი ადმინისტრაციისთვის ჩინეთი „წითელი ხაზი“ ყოველთვის იყო. წინ გვაქვს ირანის საკმაოდ სერიოზული პროცესები. რაც შეეხება რუსეთთან ტრამპის დამოკიდებულებას, ის ჯერ მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი ჩინეთს ჩამოაშოროს და თავის მხარეს გადაქაჩოს. ეს არის მისი სტრატეგიული ამოცანა. რამდენად მიღწევადია, ამაზე მაქვს ჩემი მოსაზრება, რომ პრინციპში ეს არ არის სწორად გათვლილი ნაბიჯი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეც რომ მოხდეს, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ ექცევა და ჩინეთი მაინც ამერიკისთვის "წითელ ხაზად“ რჩება. 

აქედან გამომდინარე, „ოცნების“ პოლიტიკა, რომელზეც მუდმივად გვარწმუნებენ, რომ მრავალვექტორიანია, არანაირად ასე არ არის. ამ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ჩიხურია. შესაბამისად, ამ ჩიხიდან თუ ჩვენ თვითონ არ გამოვედით სწორად შერჩეული ალიანსებით და პარტნიორებით, ჩვენ ამ ჩიხიდან, როგორც ჩამოწერილ ვაგონს, ისე გამოგვათრევენ.

- ტრამპის "განუჭვრეტელი" პოლიტიკა ირანის მიმართ პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს სამეზობლოზე. რეჟიმის შესაძლო რყევის ან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, რამდენად მომზადებული ხვდება საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს (ლტოლვილების ნაკადი, ეკონომიკური შოკი)?

- რა თქმა უნდა, ირანში განვითარებულ და განსავითარებელ მოვლენებს სრულიად სხვადასხვა რისკები ახლავს. აქ მე მთავარ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ იმის გამო, რომ დასავლეთის დიდი ქვეყნები, რომლებსაც პლაცდარმები აქვთ და ოპერატიულ ინფორმაციას იღებენ ირანიდან და გადაწყვეტილებებს ამის მიხედვით იღებენ, საქართველოსთან აღარ თანამშრომლობენ. საქართველოს ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა აღარც ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან აღარ აქვს.

ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები აქვს, რომ სწორად დათვალოს სცენარები და რისკები, რომლებიც შეიძლება ქვეყანას ირანში განვითარებულმა პროცესებმა მოუტანოს. თუმცა ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლებას ამ ვითარებაში ბევრი არაფერი შეუძლია. ერთადერთი, თავად ირანიდან თუ ემუქრება საქართველოს შიგნით საფრთხე, რომლის გაუვნებელყოფასაც საქართველოს ხელისუფლება დასჭირდება. ის, რომ საქართველოში უკვე ძალიან მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ ეს დაპირისპირება არის ცივილიზაციას და ანტიცივილიზაციას შორის. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ირანში ადამიანის ღირებულებები და უფლებები არაფერს წარმოადგენენ.

- გრენლანდიის მაგალითმა აჩვენა, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი „დიდი მოთამაშეების“ ინტერესების წინაშე მეორეხარისხოვანი ხდება. ამ „ანარქიულ სამყაროში“, სადაც ძალა წესებზე მაღლა დგას, რა საერთაშორისო მექანიზმი რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად?

- ამ საგარეო პოლიტიკით ხელისუფლება ყველანაირ ბერკეტს კარგავს, რაც აქვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ობიექტურები რომ ვიყოთ, მე არ ვიცი, მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ სირიის ახალ ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გაწვევასთან დაკავშირებით. მიმართა თუ არა ვენესუელის ახალ ხელისუფლებას? ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რამდენად შესაძლებელია ამის რეალიზება, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კოორდინაცია იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ამ ქვეყნებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ და ამ არაღიარების პოლიტიკას გადახედავენ.

რუსეთი არ გააკეთებს ამას, არც ირანი და არც ჩინეთი. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ „ოცნების“ პოლიტიკა ჩიხურია და ძალიან გაუგებარი, ეს დასტურდება იმით, რომ მათ მოქმედების არეალი შეზღუდული აქვთ. იქ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ,  საქართველოს ხელისუფლებას აღარ იწვევენ. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები