Logo

ლევან ალაფიშვილი - მმართველ პოლიტიკურ ძალაშიც არიან ადამიანები, ვინც ხვდებიან, რომ ამ თამაშით სამართლებრივი შედეგი არ დაუდგებათ

ინტერვიუ
54
Frontnews image description

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი Front News-თან ინტერვიუში მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო და საკადრო ინიციატივებს „პოლიტიკურ თამაშს“ უწოდებს, რომელიც სამართლებრივი შედეგის ნაცვლად, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასა და პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება. ალაფიშვილის თქმით, ხელისუფლების ქმედებები არა ძალაზე, არამედ მის "უკიდურეს სისუსტესა“ და წარსულში განცდილი პოლიტიკური მარცხის გამო შურისძიების მცდელობაზე მეტყველებს.

– "ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, სადაც პარტიების ჩამონათვალს „ფედერალისტები“ დაემატება. რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება და გადაიწევს თუ არა პარტიების აკრძალვის საკითხი კიდევ 9 თვით?

– ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი არ არის შინაარსობრივი თვალსაზრისით. პროცედურულად ვიღაც რაღაცის შექმნას ცდილობს, შემდეგ ამ პროცესს როგორ გამოიყენებს პოლიტიკურად – აი, ესაა მთავარი. პარტიების აკრძალვა ამ სახით, თავისთავად, ანტიკონსტიტუციური და აღუსრულებელია. პარტიებში გაერთიანების უფლება, ეს მოქალაქის უფლებაა, რომელიც კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით არის დაცული. შესაბამისად, თუკი მოქალაქეს ეს უფლება არ აქვს შეზღუდული, რა უშლის ხელს, რომ სხვა პარტია შექმნან და სხვა პარტიაში გაერთიანდნენ საკუთარი იდეოლოგიის მიხედვით?

მნიშვნელოვანია და აუცილებელი, რომ ყველამ წარმოიდგინოს, მით უმეტეს ხელისუფლებამ, რომ პარტია არის დემოკრატიულ სახელმწიფოებში ბერკეტი გარკვეული ადამიანთა ჯგუფის მმართველობაში მოსასვლელად. პარტიები და არჩევნები დემოკრატიის ფუნდამენტია მოქალაქეებისთვის. რაღაც აკრძალო დღეს და ხვალვე რომელიმე პარტია ისევ შექმნან – შეუძლიათ. საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ამ ადამიანს პოლიტიკურ მოღვაწეობას ვერ შეუზღუდავენ. სხვა არსებულ პარტიებში რომ გაწევრიანდნენ, ამაშიც ხელს არაფერი და ვერავინ შეუშლის.

გარდა ამისა, რატომ არის ანტიკონსტიტუციური? ანუ მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რომელიც დღეს ხელისუფლების სათავეშია, თავს აძლევს იმის უფლებას, რომ დაწეროს კანონი თავისი ხედვიდან გამომდინარე; ჩამოაყალიბოს კრიტერიუმები ისევ საკუთარი ხედვებიდან გამომდინარე. როდესაც მმართველი ძალა, რომელიც კონსტიტუციურად ძლიერია, რადგან მათ გაიმარჯვეს არჩევნებში, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს, ეს მის უკიდურეს სისუსტეზე მეტყველებს.

– ალბათ, ამას ხელისუფლებაც ხვდება და დროში ამიტომაც ცდილობს გაწელვას. მაშ, რა არის მისი მოქმედების ლოგიკა? საკუთარი ამომრჩევლების დამშვიდება და საარჩევნოდ დადებული პირობის შესრულების ილუზია?

– რა თქმა უნდა, რასაც ვხსნი, სწორედ ეს გარემოებაა. დიახ, ამდენი ხნის განმავლობაში მათი საარჩევნო ლოზუნგი, განსაკუთრებით 2024 წლის, იყო მიხეილ სააკაშვილის გასამართლება. მათივე მხარდამჭერები, ე.წ. „ძველები“, ითხოვენ – სად არის ის უმთავრესი დაპირება, რომელიც „ნაციონალების“ აკრძალვაზე „ოცნებამ“ დადო? ეს დაპირება ჯერ კიდევ არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ ამაზე პასუხი „ოცნების“ მმართველმა ძალამ მათ უნდა გასცეს.

შესაბამისად, ჯერ კანონი მიიღო, ახლა სარჩელი შეიტანა, მერე უკან გამოიტანა და ახალი პარტია დაამატა. მერე დაანაწევრებს და თითოეული პარტიის წინააღმდეგ ცალ-ცალკე შეიტანს საჩივარს. ვინ უშლის ამას ხელს? არც არავინ. მერე ისევ გააერთიანებს და ასე ითამაშებს, საკუთარ ამომრჩეველს ასე დააწყნარებს. შედეგი რომ არ დაუდგება, მე მჯერა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალაშიც არიან ადამიანები, ვინც ხვდებიან, რომ ამ თამაშით სამართლებრივი შედეგი არ დაუდგებათ.

– "ოცნების“ ინიციატივით, "გრანტების შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის. წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. როგორ ახსნით ამ ცვლილებას?

– ვფიქრობ, ეს უბრალოდ იმის ჩვენებაა, რომ რადგან ძალაუფლება გვაქვს, აი, „კუნთებს ვათამაშებთ“. ეს ე.წ. მეორე ტალღა „გამჭვირვალობის კანონისა“ მოჰყვა „ოცნების“ ძალიან მწარე პოლიტიკურ მარცხს. გვახსოვს, 9 მარტს რომ მიიღეს კანონი პირველად, რომელიც ისევ საკუთარი ხელით ჩვენმა საზოგადოებამ უკან წააღებინა. მამუკა მდინარაძე ჯერ საჯაროდ გამოვიდა უარით და მერე საზოგადოებამ აიძულა იგი, რომ იმავე საღამოს ისევ წინააღმდეგ მიეცა ხმა და ჩაეგდოთ. ეს მარცხი ხელისუფლებას ძალიან მწვავედ აქვს განცდილი, ამიტომ იმის მერე ეს არის ანგარიშსწორების კონტექსტი.

ამიტომაც, აი, რაღაცებს თავისთვის ვითომ ცდილობენ. მაგალითს გეტყვით, რას ვერ ბედავს ბოლომდე „ოცნება“: მაგალითად, ფონდი „ქართუ“ ან ასოციაცია „უტა“ – არიან თუ არა რეესტრში შეყვანილები და არიან თუ არა მათი თანამშრომლები აგენტები? გააკეთონ მაშინ აბა, ესენი ხომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან? იგივე საპატრიარქოს ტელევიზია, შემოწირულობები რომ არის გაკეთებული – ისინი აგენტები არიან? დაარეგისტრირონ და მოსთხოვონ მათ გამჭვირვალობა. მედიაორგანიზაციებზე ხომ ვრცელდება ეს კანონი, ნახონ აბა, რას აკეთებს მაშინ საპატრიარქო? ხომ ვერ გააკეთებენ. იმ დონეზე მივიდა უკვე სიტუაცია, რომ კანონი ქაღალდზე რჩება და ის რეალობაში ვერ არის ქმედითი. რა შეიცვალა იმ ახალი კანონების მიღების შემდეგ, გარდა ცხოვრების გართულებისა? რა, აღარ არსებობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თუ რა ხდება?

– საქართველოს მმართველ პარტიასა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მაუწყებელს, ბრიტანულ BBC-ს შორის სამართლებრივი დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. „ქართული ოცნება“ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ უკვე მესამე საჩივარს ამზადებს. დავის საგანს 2025 წლის მიწურულს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება წარმოადგენს, რომელმაც თბილისში პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო ასწია და საერთაშორისო დონეზე სკანდალი გამოიწვია. რეალურად არსებობს იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხზე გამარჯვება მოიპოვოს? რა არის აქაც „ოცნების“ მოქმედების ლოგიკა?

– აქაც ისევ მთავარი პასუხი არის ის, რომ „ოცნება“ მოქმედებს საკუთარი ამომრჩევლის რაღაცებში დასარწმუნებლად. ყველა რესურსი აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ ენახა – ამ თემაზე დავა უპერსპექტივოა. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ვინც იცის და გადამოწმების სტანდარტი, ყველა ხვდება, რომ ამ დოკუმენტური ფილმის ირგვლივ „ოცნება“ სამართლებრივ დავას ვერ მოიგებს. ეს ხომ გასულია საერთაშორისო დონეზე? შესაბამისად, არცერთი დემოკრატიული დასავლური მედიაორგანიზაცია საერთაშორისო ქსელში მნიშვნელოვანი ფილტრის გარეშე პროდუქტს არ უშვებს. მედიასტანდარტები არსებობს და აქაც სამართლებრივ რისკებს აზღვევენ.

– ხელისუფლება ამბობს, რომ დავის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებენ. არც იქ არსებობს მოგების შანსი?

– თუ ვაჟკაცები არიან, რას წვალობენ, პირდაპირ წაიღონ, დროს რაღაზე კარგავენ? რატომ სასამართლოში არ გაასაჩივრეს? შიდა ბორდში რატომ ასაჩივრებენ? ინგლისის კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. ის პერიოდი, რაც ჰქონდათ ე.წ. გასასაჩივრებლად, სასამართლოში გაესაჩივრებინათ და სტრასბურგისთვის ნამდვილად მზად ექნებოდათ. ამით, გამოდის, დროს თავად წელავენ და ამას პროპაგანდისთვის იყენებენ.

– პრემიერმა 21 აპრილს მოსახლეობას ახალი საკადრო ცვლილების შესახებ აუწყა. გელაძე სუსის უფროსად, თამაზაშვილი შს მინისტრად, მდინარაძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ხელისუფლებაში გაკეთდა ამაზე განცხადებები და ისე წარმოაჩინეს საკითხი, რომ მდინარაძე იქნება კოორდინატორი ძალოვან სტრუქტურებს შორის. რა სახის ფუნქცია შესაძლოა მას დაეკისროს და თქვენ როგორ გაიგეთ ხელისუფლების ეს განმარტება?

– გულწრფელად რომ გითხრათ, წინა ხელისუფლებისა და იმის წინა ხელისუფლების დროს იმავეს გამეორება უცხო არ არის. ვინმე ისეთი ფიგურის გაშვება როცა სახლში არ უნდოდათ, არამედ „რაღაცა უფრო დავაწინაურეთ“. კონსტიტუციური საპარლამენტო მმართველობის მოდელში, მთავრობის შიგნით ცალკეული ერთი სამინისტრო ვერ იქნება სამინისტროების მაკონტროლებელი. კონსტიტუციურად, საქართველოში აღმასრულებელ ხელისუფლებას მთავრობა ახორციელებს. შესაბამისად, პრემიერი და მთავრობა არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები შიდა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ხოლო მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას პარლამენტი უზრუნველყოფს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მართვის მოდელი და არ ვიცი, რაზე შეიძლება სხვაზე საუბარი იყოს. ამ ინსტიტუტების ფუნქციები კანონით არის განსაზღვრული. ცალკე სამინისტრო თუ უპორტფელო მინისტრი ვერცერთ ამ მინისტრს ვერ ჩაანაცვლებს. შესაძლოა, ეს არის მცდელობა იმისა, რომ მდინარაძე პოლიტიკაში შეინარჩუნონ სახელით, ოღონდ ფუნქციის გარეშე.  

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები