ლევან ალაფიშვილი - სანქციების მწარე გემო ფოკუსირებული იქნება მხოლოდ მმართველ ძალასა და მის მხარდამჭერ პროპაგანდაზე


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება და ხაზგასმულია საზოგადოებრივი პროტესტი „სასტიკი რეპრესიების მიუხედავად“, ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ წრეებში მწვავე დისკუსიები გამოიწვია. რამდენად აქვს ამ დოკუმენტს სამართლებრივი ზემოქმედება და რა გავლენას მოახდენს ის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ და სხვა საკითხებზე Front News იურისტს და კონსტიტუციონალისტს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
ალაფიშვილი განმარტავს, თუ როგორ შეიძლება შეფასდეს რეზოლუციის ფორმა და შინაარსი იურიდიული კუთხით, განიხილავს ხელისუფლების განცხადებებს ევროპაში კონსენსუსის არარსებობის შესახებ და აფასებს მმართველი გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებებს.
- ევროპარლამენტმა 490 ხმით მიიღო რეზოლუცია, სადაც მკაცრი კრიტიკაა გამოხატული საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ხაზგასმულია საზოგადოებრივი პროტესტი „სასტიკი რეპრესიების მიუხედავად“. იურიდიულად როგორ შეიძლება შეფასდეს ამ რეზოლუციის ფორმა და შინაარსი? აქვს თუ არა მას პირდაპირი სამართლებრივი ზემოქმედება ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე?
- ეს განცხადება და მიღებული რეზოლუცია ევროპის ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლობითი წევრების პოზიციას გამოხატავს. შესაბამისად, ყველა წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოს უმთავრესი ფუნქცია აღმასრულებელ ორგანოთათვის პოლიტიკური ჩარჩოების და მიმართულებების მიცემაა. ისევე, როგორც საქართველოში პარლამენტი განსაზღვრავს, მთავრობა კი ასრულებს. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა საქართველოსთვის დიდია.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ გავლენას, რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის. შესაბამისად, მთავრობა ამაზე აპელირებით ცდილობს საკუთარი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის დაფარვას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ ეს პროცესი ეჭვქვეშ დააყენა და ევროპიდანაც ამდაგვარი რეზოლუციები მოდის. ბუნებრივია, ეს რეზოლუცია ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას იქონიებს. ევროპარლამენტის ეს განცხადება საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაა – იმ ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოცხადება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების დასავლეთის მიმართ განხორციელებულ ანტიდასავლურ კურსს აპროტესტებენ.
- ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ევროპაში კონსენსუსი და შეთანხმება არ არსებობს და იმედი აქვს, რომ ეს რეზოლუციაც სხვების მსგავსად „თაროზე შემოიდება“. ხომ არ ფიქრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილებებისგან საქართველოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით თავს იკავებენ?
- ამ კითხვაზე კარგი ბრძნული გამოთქმით გიპასუხებთ: „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“. ასეა ჩვენი ხელისუფლების საქმეც. როდესაც „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე მსჯელობს, იქვე უნდა ვახსენოთ, ხომ არ არის რაიმე სანქციების მსგავსი უკვე გამოყენებული საქართველოს მიმართ. თუკი არის, მაშინ როგორ გადაწყდა ეს საკითხი იმ ნაწილში?
ევროკავშირი დემოკრატიულ ღირებულებებზე დგას, თუნდაც კონსენსუსთან დაკავშირებით, რითაც ავტორიტარი სარგებლობს და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში – აქ ვგულისხმობ ფიცოს და ორბანს. „ოცნებას“ ეს ორი ლიდერი ეიმედება ევროკავშირში. თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ევროკავშირი სახელმწიფოების ერთობაა. თუკი ერთიან ფორმატში რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ შეუძლია ავტორიტარ პუტინს, ცალკეულ სახელმწიფოებთან მიმართებაში ევროკავშირი ყოველთვის იზიარებს თავისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. თუმცა, თუკი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ევროპაში აზრი, რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ პუტინისა და ავტორიტარიზმის მხარდამჭერია, თითოეული სახელმწიფო დიდხანს არ დააყოვნებს სანქციებს. ამიტომ ვეჭვობ, რომ ე.წ. ხავსი ჩვენი სახელმწიფოსთვის – უნგრეთი და სლოვაკეთი – ხელჩასაჭიდი აღარც იქნება. ვხედავთ პუტინის მოკავშირე ორბანს და მის პერსპექტივას, რა სიტუაციაშია. ასევე ფიცოსთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა მერცმა რა განცხადებებიც გააკეთა. ამიტომ ეს საყრდენიც ვეჭვობ მალე გამოეცლებათ. შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლების ამგვარი გადახვევა ავტორიტარიზმისკენ წარმატებული იყოს. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება არ არის ბელარუსი, რომ მსგავსი რამ მოსახლეობამ აიტანოს.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, მე ველი, რომ არჩევნებამდე საერთაშორისო რეაგირება იქნება. თუმცა ეს იქნება მაქსიმალურად სიფრთხილით ჩვენი მოსახლეობის მიმართ, რათა საქართველოს ინტერესები არ დაზარალდეს. სანქციების მწარე გემო ფოკუსირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალასა და მის მხარდამჭერ პროპაგანდაზე.
- ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მითითება, რომ ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლება უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნები არ იქნება ლეგიტიმურად შეფასებული. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება, რომ მას მიმართონ შეწყალების მოთხოვნით, არის თუ არა უკვე ნაბიჯები იმისკენ, რომ ხელისუფლება გამოსავლის პოვნას ეძებს? ასევე ვიცით, რომ ყაველაშვილს მიმართვის გარეშეც შეუძლია მათი შეწყალება. ელით, რომ ამ ნაბიჯს ხელისუფლება გადადგამს?
- რასაც ვაკვირდები, მმართველი პოლიტიკური ძალის სტრატეგია პუტინისა და ლუკაშენკოს მიდგომებია – მაქსიმალურად ბევრი ტყვე აიყვანოს, რომ შემდეგ ამით პერსონალურად ივაჭროს. მაგალითად: „5 ტყვეს გაგიცვლი, თუკი რომელიმე ქვეყანაში ბიზნესის წარმოების საშუალებას მოგვცემ, ან არ დამასანქცირებ“. აი, ამგვარ ტყვეებით ვაჭრობაზეა საუბარი. რამდენად არის პუტინის ეს სტრატეგია წარმატებული, ამაზე თუ დაფიქრდება „ოცნების“ მმართველი პოლიტიკური ძალა, კარგი იქნება მისთვისვე. რეალურად, უკრაინის ომმა შეცვალა რეჟიმების მიმართ დამოკიდებულება, შესაბამისად გადაწყვეტილებებიც ისე მიიღება ყველგან უკვე. ამიტომ კარგი იქნება ცოტა დაფიქრდნენ, რადგან მათ სახლში ჰყავთ იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც დღემდე დემოკრატიას იცავენ. ამიტომ აუცილებლად დაუდგებათ მომენტი, რომ პასუხისმგებლობის წინაშე დადგებიან. ეს იქნება, პირველ რიგში, საკუთარი შვილების წინაშე პასუხისმგებლობა, შემდეგ კი ქვეყნისა და ქართველი ხალხის. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ გონს მოეგებიან და რაღაც ნაბიჯებს დათმობისკენ გადადგამენ.
- ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ მმართველი გუნდის შიგნით დაპირისპირების ნიშნებზე, განსაკუთრებით რიჟვაძესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ფაქტის ფონზე. როგორ აისახება ასეთი კრიზისები სამართლებრივ და ინსტიტუციურ მდგრადობაზე?
- ეს დაპირისპირება, რომელიც უკვე ძალიან ნათლად გამოჩნდა „ქართული ოცნების“ შიგნით, ძალიან დიდი ხანია, დაწყებულია. ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში დაიწყო. ელექტორალურად მაშინ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნები ჯამური რაოდენობით ოპოზიციასთან წააგო. სრული მობილიზაცია დასჭირდა, მათ შორის ძალოვნების და ა.შ., იმისთვის, რომ მეორე ტურში შედეგი მიეღო. პირველ ტურს თან ერთოდა ახალი თაობის „ოცნების“ წევრების პარლამენტში შეყვანა და, ასე ვთქვათ, პარტიის მმართველ ორგანოებში ნელ-ნელა შეღწევა. აქ ვგულისხმობ კობახიძეს და მის გუნდს. „ოცნების“ ძველი გუნდი კი ამას ეწინააღმდეგებოდა. პირველ ტურში ძველი, ნამდვილი „ოცნების“ წევრები არ იყვნენ აქტიურები კამპანიაში. ამის შემდეგ ივანიშვილს ძალიან დიდი მცდელობა დასჭირდა მერე, რომ ეს ამომრჩეველი უკან დაებრუნებინა და გვახსოვს მისი მიმართვა. ამის შემდეგ კი უკან კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი შემოაბრუნეს, რაც „ოცნების“ ძველი ნაწილის შემორიგება იყო. ეს დროებითი ზავი იყო. ამიტომ ეს თამაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ახალი არ არის. ზუსტად ასე თამაშობდა შევარდნაძეც და სააკაშვილიც. იმავეს იმეორებს ივანიშვილი. თუმცა წინა ხელისუფლებებს და მათ პოლიტიკურ ჯგუფებს რაც მოუვიდათ, კი ვიცით, იგივე ბედს გაიზიარებენ ესენიც. ამიტომ ეს თამაში ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ახალი არ არის. ამიტომაც ეს იყო მოსალოდნელი და ასეც ხდება. ამ ყველაფერს ვადევნებთ ახლა თვალს – დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ივანიშვილის გულს ვინ უფრო მოიგებს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ლევან ალაფიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს