Logo

ლევან გაჩეჩილაძე - ელჩებისგან იგრძნობოდა, რომ ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს

პოლიტიკა
364
Frontnews image description

ელჩებისგან პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს. არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან მოხდა იმ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ ცესკოს ოფიციალურად გამოცხადებული არ ჰქონდა, ვინ მოიგო და წააგო, – ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მილოცვას მალევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვაც მოჰყვა.

„ინტენსიური შეხვედრები მქონდა აშშ-ის ელჩთან და სხვადასხვა ელჩთან, პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ. არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკოს, ლევან თარხნიშვილს გამოცხადებული, ვინ მოიგო და ვინ წააგო ოფიციალურად. სხვათა შორის, ეს იყო ბუშის მოლოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან სერიოზული არაფორმალური ხიდები იყო გაჩაღებული რუსეთთან. ესეც მსმენია. იმდროინდელი რუსეთის ელჩი ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლებოდა, მთლიანად ავცილებოდით ამ ომს და ავცილებოდით აფხაზეთის, ოსეთის არაღიარებას, შეგვენარჩუნებინა ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ. დავკარგეთ უამრავი სოფელი, მივიღეთ ბევრი დაჩაგრული დევნილი. ომის წაგებამ ჩვენ მეტი არაფერი მოგვიტანა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წკიპზე ვიყავით“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ამასთან, კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძემ 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „სააკაშვილი უაზრო ავანტიურაში ჩაერთო“.

„ჩემი აზრით, ომის წამოწყების, ამ ავანტიურაში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ სააკაშვილი მიხვდა, მან საზოგადოებაში ნდობა დაკარგა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ნდობა აღედგინა. ისიც გამიგია, რუსული სამშვიდობოების გენერალზე ფულიც კი იყო გადახდილი, რომ შესულიყვნენ ცხინვალში, გასულიყვნენ ბოლომდე და ასე დაებრუნებინათ ცხინვალის რეგიონი. ასე გამიგია, რომ იქ ფულიც იყო გადახდილი, მაგრამ ფაქტები არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი ჩაერთო ამ უაზრო ავანტიურაში, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა: საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა, ისევ ღირსეული ნაწილი შერჩა ომს და არც იცოდა, რა გაეკეთებინა“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები