ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული

ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.
"კი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებაც“ ჩანაცვლდება არჩევნების გზით, როდესაც ამის დრო დადგება, მაგრამ ჩანაცვლდება ეროვნული ხელისუფლებით, ისეთი ხელისუფლებით, ისეთი გუნდით და ისეთი ახალგაზრდებით, რომლებიც აუცილებლად გამოჩნდებიან. ვისთვისაც სუვერენიტეტი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ჩვენთვის. ვინც არ იქნება მართული აგენტი გარედან. სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული და აქედან გამომდინარე, ნულოვანი შანსი გაქვთ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლების. ამომრჩევლებზე როდესაც საუბრობთ, თქვენს ადგილზე მოვერიდებოდი ამ თემაზე საუბარს, ვინაიდან 2024 წლიდან თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ კარგად გაგშიფრეს და დაინახეს, რომ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.
რაც შეეხება იმას, რომ ვიქტორ ორბანი უარყავითო - არ ვიცი ეს რა გამოთქმაა ან საიდან გებადებათ მსგავსი აზრები. ჩვენ პირიქით, ვაფიქსირებთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ ბატონი ორბანის და მისი გუნდის იმ მეგობრობისთვის, რაც მათ საქართველოსთვის გასწიეს. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ეს ურთიერთობები ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




