Logo

ლევან მახაშვილი - არ არსებობს მამუკა მდინარაძისთვის გამოწვევა, რომელსაც ეფექტიანად არ უპასუხებს, მშვიდად ვარ, რომ სუსი გამოცდილი პროფესიონალის ხელში იქნება

პოლიტიკა
531
Frontnews image description

არ არსებობს მამუკა მდინარაძისთვის გამოწვევა, რომელსაც გამართულად, წარმატებით და ეფექტიანად არ უპასუხებს, მშვიდად ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოცდილი პროფესიონალის ხელში იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ცვლილებები აუცილებელი იყო და მადლობას უხდის ანრი ოხანაშვილს თავისი საქმიანობისთვის.

"გული მწყდება, რომ მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, ის ძლიერი ნაწილი იყო ამ პროცესის. ყველას ინტერესში უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული და ეფექტიანი მუშაობა. არ არსებობს მამუკა მდინარაძისთვის გამოწვევა, რომელსაც გამართულად, წარმატებით და ეფექტიანად არ უპასუხებს. მშვიდად ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოცდილი პროფესიონალის ხელში იქნება. ბოლო სამი წელია, სახელმწიფო შიგნით და გარეთ დიდი გამოწვევების წინაშეა. რეგიონში ომია, რაც ნეგატიურ შედეგებს აჩენს თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ რეგიონშია და არამხოლოდ. მით უმეტეს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია ომის საფრთხეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ფუნქცია ამ საფრთხეებთან გამკლავებაა. ამ სამსახურმა არაერთხელ დაადასტურა, რომ საფრთხეებს წარმატებით უმკლავდება. დარწმუნებული ვარ, რომ თავის საქმიანობას მომავალშიც ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძე ამ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის.

Advertisement