ლევან მახაშვილი - განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც

ავტორი
Front News საქართველო
"ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაციასთან განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ორივე მხარეს გვაღელვებს, საერთო განწყობაა, რომ აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციასთან შეხვედრა საინტერესო და კონსტრუქციული იყო.
"განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ მხარესაც აღელვებს და ევროკავშირის მხარესაც, კონკრეტულად ამ სახელმწიფოებს – პოლონეთს, გერმანიას, საფრანგეთს. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, რაში ხედავენ პრობლემებს, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს. ჩვენც გავაცანით, სად ვხედავთ პრობლემებს და როგორც წარმოგვიდგენია მოგვარება. არის საერთო განწყობა, რომ აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი. რაოდენ რთული საკითხებიც არ უნდა იყოს, აუცილებელია დიალოგი, რათა ამ საკითხებზე, რაც ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი, გვქონდეს საერთო გამოსავალი.
ერთ-ერთ საკითხად ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ამ ხარვეზის გამოსწორება. ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა დავაფიქსირე, რომ ორი წლის განმავლობაში ასეთ მარტივი პრობლემის გასწორება გერმანიისთვის არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა არანაირ ვარიანტში. ტექნიკური ხარვეზის გარდა, ჩვენ სხვა პასუხი არ მოგვისმენია. ეს თუ მართლა ტექნიკური ხარვეზია, იმედია, უახლეს მომავალში ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი




