ლევან სანიკიძე – დაშინებამ, მოსყიდვამ, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, უკვე ზღვარგადასული ხასიათი მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
დაშინებამ, მოსყიდვამ, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, უკვე ზღვარგადასული ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება საყურადღებოა.
“დაშინებამ, მოსყიდვამ, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, უკვე ზღვარგადასული ხასიათი მიიღო. ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და საჯარო მოხელეების როლის გაძლიერების შესახებ ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საერთო. სწორედ ამ პარტიამ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეძლო და შექმნა საჯარო მოხელეთა ის ინსტიტუტი, რომლის ჩამოშლასაც ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს. ჩვენ კარგად გვესმის ის წნეხი, რომელსაც ჩვენი ძვირფასი საჯარო მოხელეები განიცდიან, ადამიანები, რომლებიც ყველაზე სწრაფად ამჩნევენ იმ ღალატის შედეგებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადის. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა წაგიკითხოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა:
“მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს, გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში თქვენ გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა. ოლიგარქი, როგორც ყოველთვის იტყუება. ახალი ხელისუფლების პირობებში, არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც, თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად პრესტიჟული გახდება. ეს ეხება პოლიციელებს, სამინისტროებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, სიპების და აიპების თანამშრომლებს, პედაგოგებს. ერთადერთი პირობა იქნება, რომ არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში, არ დაღვაროთ სისხლი და არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ და პირიქით, თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც უხდებოდათ მთელი ეს დრო ჩემს მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებები შეესრულებინათ. 26 ოქტომბრის შემდეგ ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა და ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია“.
ამ მიმართვასთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენი პარტიის პოზიციას, რომ თითოეულ საჯარო მოხელეს მოვუწოდებთ, ზეწოლის შემთხვევაში მიმართონ ჩვენს პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლობებს და ამასთანავე, გვსურს თითოეულმა მოხელემ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს, რომ ყოველი ნაბიჯი, რომლებსაც ისინი დგამენ იძულების წესით “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის უხეში დარღვევა და მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ, როგორც საჯარო მოხელის, ასევე მათი პირადი ეთიკის შესაბამისად“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე