ლევან სანიკიძე - ივანიშვილის სურვილია, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ის პარტიები, რომლებიც რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობენ

ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის სურვილია, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
"აქ შეუძლებელია, ვისაუბროთ სოციოლოგიაზე, პროცენტულობაზე, მხარდაჭერის ხარისხზე, მაგრამ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რა არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. მისი სურვილია სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი, ვინ შეასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, მათი გადასაწყვეტია და მათ მიერ არის დღეს გასაკეთებელი ის კომენტარები, რატომ უზრდის ბიძინა ივანიშვილი „გორბის“ რეიტინგით მათ რაღაც გავლენას, ანუ 3-პროცენტიანი პარტია გასამმაგდა? მე არ ვამბობ, რომ 3-პროცენტიანი იყო რომელიმე. ქართველი ხალხი გაგიჟდა, რა მაგარია თვითმმართველობის არჩევნებში გამოგლეჯენ თბილისსო? ამის სჯერა ვინმეს დედამიწის ზურგზე? დარწმუნებული ვარ, მათ ოფისებშიც არ სჯერათ, უბრალოდ, უფრო მკაფიოდ უნდა თქვან, ივანიშვილის თამაშში ნებსით, თუ უნებლიედ როცა მონაწილეობ, ისე გათამაშებს, რომ შენ საერთოდ აღარაფერს გკითხავს. ამ ადამიანების პრეტენზია ხომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტიობა, ხომ დაუწერა? მაშინ ბიძინასთან რა პრეტენზია აქვთ? მორალური უპირატესობის დაკარგვის პრობლემა ამაშია. ასე დაწერს არჩევნების შედეგებსაც. ტორტის ნაჭერივით დაჭრის 100 პროცენტს. ფაქტია, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია მონაწილეობენ იმ თამაშში, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს.
ჩემი ღრმა რწმენით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადგანაც პასუხობს საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობის მთავარ გამოწვევას, არჩევნებში არმონაწილეობასთან, ართანამშრომლობასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის ევროპული განვითარების მთავარი მედროშეა და ამას ადასტურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი და ყველაზე სანდო პარტნიორი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია და ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს მისი არსებობა“, – განაცხადა სანიკიძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56,2% ამბობს, რომ პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 10,7% „ძლიერი საქართველო – ლელო ხელისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის“ აძლევს ხმას; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“; 7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3,2% – „გირჩი“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 1,1 % – სხვა პარტიები.
თაგები:
ლევან სანიკიძე




