Logo

ლევან სანიკიძე - მიშა კი არ გაასამართლეს, გაასამართლეს ის 9-წლიანი ეპოქა, რომელზეც ელეთ-მელეთი მოსდის რუსეთს

პოლიტიკა
499
Frontnews image description

ამ ქვეყანაში შეიძლება მიშას ასამართლებდე და ქვეყანას ეს ხალხი მართავდეს?! ამით გაასამართლეს ის 9-წლიანი ეპოქა, რომელზეც ელეთ-მელეთი მოსდის რუსეთს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ეროვნული მასშტაბის სირცხვილია.

"მიხეილ სააკაშვილის ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გამოეცხადებინა ივლისში და გადაწიეს საზოგადოებაში შიშის დასათესად - 4 ოქტომბერი ახლოვდება, მიშას რას უკეთებენ და შენ რას გიზამენო. სხვათა შორის, ეს შეცდომა საზოგადოების დიდმა ნაწილმაც დაუშვა და ოპოზიციის კიდევ უფრო დიდმა ნაწილმა იმიტომ, რომ თუკი ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურაზე თუ "გასდის" ივანიშვილს პოლიტიკური პატიმრობა, მაშინ ჩვენს ნებისმიერ თანამოქალაქეზე "გაუვა". მიშა რომ ჰყავდათ 4 წელი ციხეში, ამიტომაა დიდ გულზე, რომ კიდევ ბევრს ჩასვამს ციხეში, ასეა. და რაზე ასამართლებენ? რაზე დაუტოვეს კიდევ 9-წლიანი მსჯავრი და რისთვის სთხოვენ 9 მილიონის უკან მიტანას? აქედან 5 მილიონი არის მხოლოდ დაჯავშნილი მანქანებით მომსახურება საერთაშორისო ვიზიტებისას, რომ თავს არ დასხმოდნენ. რისთვის ასამართლებენ და რას ართმევენ? ყვარელში რომ ვენახი და 70 კვადრატული სახლი აქვს, ამის წართმევა და აღსრულება არის ამ ქვეყნის მიზანი?! ამ ქვეყანაში შეიძლება მიშას ასამართლებდე და ქვეყანას ეს ხალხი მართავდეს?! ეს ხომ ეროვნული მასშტაბის სირცხვილია. ამით მიშა კი არ გაასამართლეს, გაასამართლეს ის 9-წლიანი ეპოქა, რომელზეც ელეთ-მელეთი მოსდის რუსეთს.

სულ ამაზე ვამახვილებ ყურადღებას - საქართველოსგან ბელარუსს იმიტომ ვერ გამოიყვანენ ვერასდროს, რომ ბელარუსში ლუკაშენკო რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმ წელს დაბადებული ბავშვები ახლა არიან 31 წლისები და ჩვენს გონებაში არის ის 9-წლიანი პერიოდი, რომელმაც ამ ქვეყანას მისცა 5-ჯვრიანი დროშა, ჰიმნი, სახელმწიფოებრიობის აღქმა და ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის შესაძლებლობა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. მოსამართლეთა პალატამ ძალაში დატოვა როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა, ისე თეიმურაზ ჯანაშიასთვის დაკისრებული 300 000-ლარიანი ჯარიმა.

Advertisement