Logo

ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი პრინციპია, რომ არაფერში ვაპირებთ არც მეტის, არც ნაკლების გადახდას, გვინდა, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება

პოლიტიკა
154
Frontnews image description

ბიზნესთან მთავრობას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი, რაც გამოარჩევს დღევანდელ ხელისუფლებას არის ის, რომ ბიზნესს არ სჭირდება, მაგალითად, დამატებითი ლობისტები იმისთვის, რომ ჩვენგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია, ან მოვისმინოთ მათი აზრი კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრაც იყო ამ ურთიერთობის ერთ-ერთი გამოხატულება, რომლის ფარგლებშიც გაჟღერდა რამდენიმე გადაწყვეტილება მშენებლობის მიმართულებით. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, შეხვედრისას, ასევე განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები.

"ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან ბევრი გააკეთა და ჩვენც ვიყავით ჩართულები კონკრეტულად მშენებლობის მიმართულებით, შესყიდვების ნაწილში, რომ მაქსიმალურად გაეჯანსაღებინა მდგომარეობა. გვქონდა გარკვეული არასწორი პრაქტიკები, როდესაც, სამწუხაროდ, ვიხდიდით ფულს და ვერ ვიღებდით იმ ხარისხის პროდუქტს, რაც უნდა მიგვეღო. მაგალითად, როცა აგებ გზას, ან აშენებ სკოლას, სპორტულ მოედანს, არ შეიძლება, რომ ერთ ან ორ წელიწადში მას ისევ სჭირდებოდეს ხელის შევლება, სარემონტო სამუშაოები. ჩვენი პრინციპია ის, რომ არ ვაპირებთ არაფერში არც მეტის, არც ნაკლების გადახდას, გვინდა, რომ გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, რათა არც ბიზნესმა წააგოს და მიიღოს დამსახურებული შემოსავალი, მოგება. ხარისხთან მიმართებაში გამორიცხულია უკან დახევა. ამ პოლიტიკას ატარებს პრაქტიკაში ინფრასტრუქტურის მინისტრი და ამავე პოზიციაზეა მთელი გუნდი, ეს არის პრემიერ-მინისტრის დავალება. ხარისხის ხარჯზე ეკონომია არის გამორიცხული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა კონკრეტული პროექტის განხორციელებისას უნდა იზარალონ. რა ხარისხსაც მოვითხოვთ, იმ ხარისხის ადეკვატურ თანხას გადავიხდით. როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მას ძალიან დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯები, არ ვგულისხმობ მოვლა-პატრონობის ხარჯებს. მშენებლებიც უნდა გადაეწყონ ახალ სისტემაზე და ასევე ჩვენ მათ დავუფიქსირეთ რამდენიმე გადაწყვეტილება, ხარჯთაღრიცხვის წარმოებასთან მიმართებაში, ინდექსაციასთან მიმართებაში, ბევრ საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილებები, სულ მალე მათი სამართლებრივი გაფორმება მოხდება და ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურად მიიღეს. მათ ასევე დააფიქსირეს არსებული საჭიროებები, რაზეც ერთობლივად ვიმსჯელებთ მომავალშიც. არ დავუშვებთ, რომ განხორციელდეს პროექტი, დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული და მივიღოთ უხარისხო პროდუქტი, ან მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ არა დათქმულ ვადაში. ვადებთან მიმართებაშიც ვართ ძალიან მკაცრები. თუ სადმე რამე არის გამოსასწორებელი სისტემურ დონეზე, ადგილობრივ დონეზე, მზად ვართ, აბსოლუტურად ყველა საკითხზე შევიდეთ დისკუსიაში და არგუმენტების მოსმენის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ის გადაწყვეტილებებიც, რომლებიც შეხვედრაზე გავაჟღერეთ, პრაქტიკული პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთი კარგი მაგალითია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები