ლევან ჟორჟოლიანი - მთავრობა იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია ბიუჯეტის ეფექტიან ხარჯვაზე

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო დგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე, რაც ეხება ბიუჯეტის ხარჯვას, მიწების განკარგვას, ენერგეტიკულ პროექტებს, სახელმწიფო საწარმოებს.
"მინდა, მივმართო მაყურებელს, რომელსაც დღეს აინტერესებდა, რა ხდება ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ფაქტია, ვერ ვისმენთ ვერცერთ საქმიან არგუმენტს ამ მიმართულებით და ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლებით ძირითადად.
მინდა, ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც არიან ბიზნესში, რომლებიც არიან საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულები და ა.შ. ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო დგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა. ყველაფერი არის გამჭვირვალე, რაც ეხება ბიუჯეტის ხარჯვას, მიწების განკარგვას, ენერგეტიკულ პროექტებს, სახელმწიფო საწარმოებს და ა.შ. ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ, როდესაც ისინი შევლენ გარკვეულ ან შესყიდვაში ან გარკვეულ ბიზნესპროცესში სახელმწიფოსთან, არ ექნება პროტექციონიზმი. ეს უზრუნველყოფილია, მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენებითაც და ყველა დაინტერესებულ მხარეს მისდის შეტყობინებები - მობრძანდით, გთხოვთ მიიღეთ მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, მივმართოთ მშენებლებს და ვუთხრათ - თქვენთვის რაც იყო ყველაზე პრობლემური, ეს იყო სამშენებლო ფასები, შეიძლება ზოგჯერ არასამართლიანად კომპანიების „თეთრ სიაში“ ყოფნა, რომელიც მათ აძლევდა გარკვეულ უპირატესობებს და მერე იქიდან ამოსვლა იყო ძალიან რთული. ამ ნაწილში მივიღეთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები. მათ აქვთ ამაზე ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, იმიტომ, რომ არავის მიმართ პროტექციონიზმი არ იქნება და არავის არ მიენიჭება უპირატესობა კანონის გარეშე.
მოვისმინეთ, რომ ბიზნესი ფულს არ დებს ოპოზიციაში. იგივე თუნდაც აქციების მიმდინარეობის დროს, რამდენი კომპანია იყო, რომელიც ღიად შეუერთდა საპროტესტო მოძრაობას, პლატფორმებიც გააკეთეს, ერთი ფაქტი დამისახელეთ, რომ ამას მოყვა საგადასახდო შემოწმება, რაც ხდებოდა ხოლმე და რაც წინა ხელისუფლების პრაქტიკა იყო. სადმე, ვინმეს, რამე შეეზღუდა? ჩვენ რაღაცებს კიდევ უფრო მეტად კარგად ვუყურებთ და მაგალითად, იყო ხალხი იქ, რომლებიც რაღაცებს აპროტესტებდა და რომლებიც რუსეთში ვაჭრობით ძირითადად თავის შემოსავლებს იქ აგენერირებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანაში ახლა არის მშვიდობა.
"მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს და იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია ბიუჯეტის ეფექტიან ხარჯვაზე, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. ბიზნესი არის თავისუფალი და ისეთ რეფორმებს ვაკეთებთ, რომლებიც სჭირდება ამ ქვეყანას. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ საიდანღაც დაგვავალა ან დაგვიწერეს ან მოგვიწოდეს ან რეზოლუციაში ჩაიწერა, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ ქვეყანას ამწუთას სჭირდება. ასე გავაგრძელებთ აუცილებლად. თუ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ამ ნაწილში რაღაც ადეკვატურობას არ გამოიჩენენ და თეთრზე თეთრს იტყვიან, შავზე შავს, რაზეც არანაირი პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, გაგვაკრიტიკონ, ადეკვატური აზრი მოგვაწოდონ, მაშინ დიდი ხანი იქნებიან ისე, როგორც დღეს არიან წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




