Logo

"ლოგიკურია, რომ ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა" - უკრაინამ რუსეთზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

უკრაინა
206
Frontnews image description

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ღამით რუსეთის იაროსლავის ოლქში მდებარე ნავთობობიექტს დაარტყა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

"ჩვენმა მებრძოლებმა კარგ შედეგებს მიაღწიეს რუსეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ შორ მანძილზე განხორციელებულ დარტყმებში. ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტ მანძილზე, რუსეთის იაროსლავის რეგიონში, SBU-ს ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს ნავთობის ობიექტზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო აგრესორი სახელმწიფოს მარაგებისთვის“, - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე საწარმო "აზოტს“ მიაღწიეს, რომლის საქმიანობაც ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების უნარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვები დაწესდა რუსეთის ექვს აეროპორტში და საერთო ჯამში, გუშინ საღამოდან საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა რუსეთის 28 რეგიონში.

"ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის სამხედრო ლოგისტიკაზე დარტყმები განხორციელდა. უკრაინა ახორციელებს რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი სანქციების გეგმას და გარკვეულ ამოცანებს საშუალო რადიუსის დარტყმების განსახორციელებლად, რუსეთის მიერ ამ ომის დასრულებაზე უარის საპასუხოდ. ჩვენ რუსეთის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ ყველა შესაძლო მოლაპარაკების ფორმატი და ერთადერთი პასუხი იყო აგრესიის გაგრძელება და მისი გაფართოების მცდელობები. ლოგიკურია, რომ ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები