მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, განხილულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
"ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ დიალოგს, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
აღინიშნა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის განახლების მნიშვნელობა ხალხთა შორის კავშირებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის კონტექსტში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევას. ხაზი გაესვა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობისა და სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.
შეხვედრისას მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პარტნიორობას და მიღწეულ შედეგებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




