მაკა ბოჭორიშვილი - სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო ინტერესების განსახორციელებლად კოორდინირებულად ვიმუშაოთ

ავტორი
Front News საქართველო
მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთნდობა, თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენდნენ.
"დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგას, ძვირფას ჰაკან ფიდანს, საგარეო საქმეთა მინისტრს და მის გუნდს ამ ულამაზეს ქალაქში შესანიშნავი მასპინძლობისთვის. დღეს თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ძვირფას კოლეგებთან ერთად, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური დიალოგი, ურთიერთნდობა, თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა. დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ სამი სახელმწიფოს წარმომადგენლები, არამედ როგორც პარტნიორები, რომლებსაც აერთიანებთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების საერთო ხედვა. წლების განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლობამ ნათლად აჩვენა, რომ ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების გათვალისწინებას.
ჩვენი პარტნიორობის წარმატებას ადასტურებს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტი, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და წარმატებული მექანიზმი გახდა.
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები. თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო ინტერესების განსახორციელებლად კოორდინირებულად ვიმუშაოთ. დღეს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის განვითარების, გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, მრავალმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება კეთილმეზობლობასა და ნდობას. თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვის, კულტურულ-ტექნოლოგიურ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს. დღეს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მშვიდობის უზრუნველყოფის თემებს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა წარმოადგენს როგორც რეგიონის განვითარების, ისე უფრო ფართო საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან წინაპირობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, განაგრძოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში
„ჩვენი საერთო მიზანია ჩვენი რეგიონის ჩამოყალიბება თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობისა და კეთილდღეობის სივრცედ, სადაც სახელმწიფოები შეძლებენ არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს პროცესი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში. ასევე, მივესალმებით თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“.
„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მტკიცე მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




