მამუკა არეშიძე - ამერიკას შანსი ეძლევა, აკონტროლოს ჩინეთსა და ევროკავშირში მიმავალი ტვირთები, ამიტომ კავკასიის ყელი მისი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს


ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ კავკასია, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე რეგიონი, კვლავაც მსხვილი მოთამაშეების ინტერესების ეპიცენტრში რჩება. ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა, აშშ-ის მზარდი აქტივობა, რუსეთის გავლენის შემცირება და საქართველოს როლი ამ რთულ განტოლებაში - ეს ის საკითხებია, რომლებზეც კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე Front News-თან ინტერვიუში საუბრობს. დერეფნის მართვის, რეგიონული ბალანსის, ირანის ინტერესებისა და საქართველოსთვის გაკვეთილების კონტექსტში, არეშიძე განმარტავს, თუ როგორ იკვეთება ძალთა ახალი განლაგება სამხრეთ კავკასიაში და რა საფრთხეები ემუქრება ქვეყნის ვიზალიბერალიზაციას ევროკავშირთან.
- ბატონო მამუკა, სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მიერ მართვის მემორანდუმი უკვე დამტკიცებულია სომხეთში, აზერბაიჯანსა და აშშ-ში. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ინფორმაცია იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ზანგეზურის დერეფანი არ გაიხსნება?
- ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს დაპირისპირება და კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა აკონტროლოს ეს მარშრუტი. ამის გადასაჭრელად ამერიკამ ორივე მხარეს შესთავაზა, რომ ეს კერძო ამერიკულმა კომპანიამ გააკეთოს. მაგალითად კი მოიყვანეს ის დოკუმენტი, სადაც საქართველომ და კონფლიქტის მხარეებმა – აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა, შვეიცარიული კომპანიის საკითხი შეათანხმეს, რომელიც გზაზე ტვირთების გადაადგილებას აკონტროლებდა. ამან არ იმუშავა, თუმცა წლების განმავლობაში ამ თემაზე საუბარი იყო. რაც შეეხება დერეფნის კონტროლს, დავა ზუსტად ამაზე მიდის. სომხური მხარე ამბობს, რომ ტვირთების კონტროლი ნახჭევანის ტერიტორიიდან უნდა მოხდეს. ეს ძალიან არასერიოზული გეგმაა და მგონია, რომ დროის გასაყვანად შემოაგდეს. როგორც ჩანს, მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია, მხარეები მალე შეთანხმდებიან, რადგან ამერიკის წნეხი ორივე მხარეზე საკმაოდ დიდია. ამერიკელების წინადადება უფრო პოზიტიურად გამოიყურება, თუმცა ნეიტრალური კომპანიის ჩართულობა გამორიცხავს პოლიტიკურ თემას. თუ ამ შვეიცარიულ კომპანიას გავიხსენებთ, მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ ტვირთების კონტროლი იყო და მორჩა. აზერბაიჯანისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური საკითხი დარჩეს. ამიტომ რთულია საუბარი იმაზე, რა სახის შეთანხმება დაიდება. მე მაინც მგონია, რომ თურქეთის მეშვეობით ბაქოს დაითანხმებენ, ხოლო საფრანგეთის დახმარებით – ერევანს. რა თქმა უნდა, მსხვილ მოთამაშეებს ეშინიათ, რომ თუ სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ მოილაპარაკებენ, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში კვლავ მთავარ მოთამაშედ დაბრუნდება.
- როგორ აღიქვამთ აშშ-ის ამგვარ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში? რა არის აშშ-ის მთავარი მიზანი ახლა? ასევე, რა გავლენას მოახდენს ეს რეგიონულ გეოპოლიტიკურ ბალანსზე, განსაკუთრებით ირანის ინტერესების კონტექსტში? ხოლო საქართველოს საკითხი ამ რეგიონულ დაინტერესებაში როგორ და რა ფორმით იქნება განხილული?
- რა თქმა უნდა, ისმის კითხვა, რისთვის სჭირდება ამ რეგიონში აშშ-ს აქტიურობა და რა არის მისი დაინტერესების მთავარი მიზანი. დღეს მსოფლიოში ორი მსხვილი მოთამაშეა – აშშ და ჩინეთი. მათი მიზნები კი შემდეგია: გააძლიერონ საკუთარი ინტერესები მსოფლიოს ყველა წერტილში. ჩინეთი ამ თვალსაზრისით ბევრად ჩუმად მუშაობს, ამას უფრო ეკონომიკური ექსპანსიის სახე აქვს. ის იძლევა სესხებს, აშენებს პორტებს, ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ქვეყნებში, ყიდის ძვირად ღირებულ მადნებს და ა.შ. ამით ქმნის პოლიტიკას.
ამერიკელები კი პირდაპირ პოლიტიკაზე მუშაობენ, ამას ემატება ფინანსური ინექციები და ინვესტიციები. თუმცა, ეს მეთოდოლოგია, როგორც ჩანს, ჩინეთიდან გადაიღეს და ეკონომიკური ფაქტორის გაძლიერებას ცდილობენ. აშშ-ის მცდელობაა, ჩინეთის გავლენები ან შეამციროს, ან დააბალანსოს. მარტო ჩინეთში არ არის საქმე, აქ მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ექცევა ევროკავშირის ფაქტორის უკან დაწევას. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ევროკავშირი ამერიკის მეშვეობით უკვე დიდი ხანია, არსებობს და ბევრად ძვირი უჯდება ევროკავშირის "შენახვა", სამაგიეროდ კი ვერაფერს იღებენ. ახლა ამერიკას შესანიშნავი შანსი ეძლევა, აკონტროლოს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ევროკავშირში მიმავალი ტვირთებიც. ამიტომ კავკასიის ყელი მისი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.
- ამ ფონზე, როცა აშშ ცდილობს სამხრეთ კავკასიის გაძლიერებას, ასევე ვხედავთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთს მაქსიმალურად შორდებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრემლმა დაკარგა გავლენა სამხრეთ კავკასიაში? საქართველო ხომ არ არის ის ქვეყანა, რომლითაც ის სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის შენარჩუნებას შეეცდება?
- რუსეთი ამას რომ ცდილობდეს საქართველოსთან დაკავშირებით, მაშინ ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა. ეს ნაბიჯები არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ხანდახან, როცა ვუსმენ ჩვენს ოპოზიციას, რომელიც ხშირად ამაზე აპელირებს, სხვა სამყაროში მგონიან. რაც უნდათ, იმას სიმართლედ ასაღებენ, რაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ. რუსეთი ამ ნაბიჯებს არ დგამს. იყო ასეთი მცდელობები 2024 წელს და რაღაც ქმედებები შეინიშნებოდა. თუმცა, ესეც შენელდა. ის ვითარება, რომელიც კონფედერაციაზე იყო ორიენტირებული, რაზეც აფხაზეთის სოციალურ ქსელებში ხშირად საუბრობდნენ, ეს აქტივობაც მინელდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჯერჯერობით კრემლში იმ ჯგუფმა გაიმარჯვა, რომელიც ამ ორი რეგიონის კვლავ არდათმობაზეა ორიენტირებული. ამიტომ საქართველოსთან დაკავშირებით მე ვერ ვხედავ რუსეთის ქმედით ნაბიჯებს.
- "MEGOBARI აქტის" მიღების პროცესი ამერიკის სენატში შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ორივე პარტია უჭერს მხარს და უკვე მოწონებულია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ. თქვენი აზრით, რა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული სამი სენატორის წინააღმდეგობა ამ კანონპროექტის მიმართ და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე?
- ეს არ არის ტექნიკური სახის შეფერხება, ეს არის გარკვეული წინააღმდეგობის შედეგი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებობს. საქმე ისაა, რომ როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიქირავა ლობისტები აშშ-ში, ასეთი შესაძლებლობა "ოცნებამ" ვერა, მაგრამ ხელისუფლებამ შეძლო და სხვა გავლენის მექანიზმები გამოიყენა.
ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ინდივიდუალურად მუშაობენ და უფრო მარტივად შედიან აშშ-ის სახელმწიფო ორგანოებში. მათ უფრო მეტი კომუნიკაცია და კონტაქტები აქვთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, მათ მოახერხეს და დაარწმუნეს აშშ-ის ზოგიერთი გავლენიანი ფიგურა თუ პოლიტიკოსი, რომ ამ ეტაპზე არ არის საჭირო საქართველოსთან დაკავშირებით ამ აქტის მიღება. ფაქტია, ეს შეჩერდა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი და ისიც ნათელია, რომ აქ ტრამპის ადმინისტრაციის ხელი ურევია.
- ევროკავშირმა თბილისს გაფრთხილება გაუგზავნა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე, თუ აგვისტოს ბოლომდე რიგი პირობები არ დაკმაყოფილდება. თუმცა, ევროკავშირის მხრიდან "მკაცრ საუბარსა" და "რბილ მოქმედებაზე" საქართველოსთან მიმართებით უკვე ბევრი საუბრობს. როგორ აფასებთ ევროკავშირის ამჟამინდელ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და რამდენად არის ის თანმიმდევრული? რა რეალური საფრთხე ემუქრება საქართველოს ვიზალიბერალიზაციას?
- აქ საინტერესოა ის ფაქტი, ვინ არის საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირში სანქციების დაწესების ყველაზე აქტიური მომხრე. ესენი არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები. აქ დაპირისპირება მიდის ასევე თავად ევროპაში, კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის. ბრძოლა ამ პრინციპით მიდის: "რაც შენ მოგწონს, მე არ მომწონს". ერთმა საღმა აზრმა მაინც გაიჟღერა, რომ თუკი მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ეს გამოიწვევს ქართველი ხალხის გაღიზიანებას როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის მიმართაც. ბევრი ადამიანი საქართველოში ამ დასკვნის მიზეზს ვერ ხვდება. საუბარი იმაზე, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის და გზაზე გადაუხვია, შესაძლოა, ილაპარაკო, მაგრამ ამას არგუმენტი სჭირდება. ხალხში ეს თემა მოძველდა, მოჭამა თავისი დრო.
თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდა, საქართველოს ვერცერთი ხელისუფლება, იქნება ეს "ოცნება" თუ სხვა, რუსულ ორბიტაზე და მის მხარეს ვერ გადადგამს ვერცერთ ნაბიჯს. აქედან გამომდინარე, მოაზროვნე ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ ეს არის მოგონილი თემა. ამიტომ ეს ყველაფერი ასევე შიდაპოლიტიკური ბრძოლაა, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი მათგანი უკვე ხვდება, რომ ამით "ოცნებას" კი არ დააზიანებენ, ხალხის აგრესიას გამოიწვევენ ევროკავშირის მიმართ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
მამუკა არეშიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს