Logo

მამუკა არეშიძე - საქართველო რუსეთთან ვერ დაიწყებს პოლიტიკურ მოლაპარაკებას, თუ მოსკოვი ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს

ინტერვიუ
33
Frontnews image description

სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო დერეფნების გარშემო პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ იმატებს. 2026 წლის 15 თებერვალს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი აქტიურად განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხს, რაც კრემლისთვის აზერბაიჯანზე დამოკიდებულების შემცირებისა და სომხეთზე გავლენის აღდგენის სტრატეგიული ინსტრუმენტია.

ამ განცხადებას თბილისიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა: 16 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ამ საკითხზე არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და კავშირების აღდგენა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვითაა შესაძლებელი. სწორედ ამ გეოპოლიტიკურ ჩიხსა და მოსკოვის ფარულ ზონდაჟზე საუბრობს Front News-თან ინტერვიუში კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე.

- ბატონო მამუკა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოვერჩუკმა 15 თებერვალს კვლავ გააჟღერა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის იდეა. რატომ გახდა მოსკოვისთვის ეს საკითხი ასეთი პრიორიტეტული სწორედ ახლა?

- რუსეთისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყარაბაღის ომის შემდეგ შექმნილი რეალობის შეცვლა. მათ ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა აზერბაიჯანს მწვანე შუქი აუნთეს. კრემლში ამაზე დღემდე აზრები ორად არის გაყოფილი. რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი გზა "პეტერბურგი-ბომბეის“ მაგისტრალი აზერბაიჯანზე გადის, მოსკოვს კი არ სურს იყოს ბაქოსა და თურქეთზე სრულად დამოკიდებული. აზერბაიჯანი კი, ყარაბაღის შემდეგ, მოსკოვის თვალით, "გარკვეულ პოზაში" დგას, რასაც ემატება დაპირისპირება ჩამოგდებულ თვითმფრინავზე და ალიევის განცხადებები უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმების შესახებ. ამიტომ მათ გზის დივერსიფიკაცია სჭირდებათ.

- ანუ მოსკოვი აშკარად ცდილობს პროცესის დაჩქარებას, თუმცა პრემიერმა კობახიძემ 16 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთთან ამ თემაზე კომუნიკაცია არ ყოფილა. თქვენი ინფორმაციით, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე შეთანხმება და რა როლს თამაშობს აქ „კონფედერაციის“ იდეა, რაზეც, ბოლო დროს, ხშირად ჩვენც გვისაუბრია.

- გეგმა იყო, რომ ეს გზა 2024 წელს უკვე ამუშავებულიყო, რათა ზანგეზურის დერეფანი გადაეკვეთათ. ეს ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარე ვერ დაითანხმეს მთავარზე - ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსების მიერ შემოთავაზებული კონფედერაციის მოდელი საქართველოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, 2024 წლის შემოდგომაზე მოლაპარაკებები შეწყდა. კრემლში იციან, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დათმობის შემთხვევაში საქართველოში ვერცერთი მთავრობა ვერ დარჩება ხელისუფლებაში. თუმცა ისინი ამ თამაშს განაგრძობენ და იმპერიალიზმის პოზიდან გამოსვლა არ სურთ.

- თუ აფხაზეთის მიმართულება ჩიხშია, რამდენად რეალურია ალტერნატიული პროექტები, მაგალითად ინგუშეთის გვირაბი, რომელზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ?

- იყო საუბარი, რომ რადგან აფხაზეთიდან გზა ვერ გაიხსნა, ინგუშეთიდან გაეჭრათ გვირაბი. თუმცა, ეს უზარმაზარ ფინანსებს მოითხოვს. რუსეთს დღეს ამისი რესურსი არ აქვს - მათ უკვე ოქროს მარაგების გაყიდვაც კი დაიწყეს. ამიტომაც მიუბრუნდნენ ისევ აფხაზეთს და სწორედ ამ მიზნით ააშენეს გამშვები პუნქტი გალთან, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

- თქვენ ახსენეთ აფხაზების უკმაყოფილება. როგორ აისახება მოსკოვის ეს "იმპერიალისტური სიხისტე" უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონში არსებულ განწყობებზე?

- მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს სჯიან და ავიწროებენ, მათ მედიასა და სოციალურ ქსელებში უკვე აშკარად ჩანს უკმაყოფილება რუსეთის მოქმედებებით. რუსეთი არ ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს, თუმცა აფხაზურ საზოგადოებაში პროტესტი იზრდება. მოსკოვი აგრძელებს კლასიკურ იმპერიალისტურ მიდგომას, მაგრამ ეს მათ შედეგს ვერ მოუტანს. ისინი უბრალოდ მცდელობას არ წყვეტენ და ისევ ცდილობენ ამ თემის გააქტიურებას.

- როგორ უნდა წაიკითხოს საზოგადოებამ ოვერჩუკის მსგავსი განცხადებები იმ ფონზე, როცა ოფიციალური თბილისი ყოველგვარ კავშირს უარყოფს? არის თუ არა ეს გარკვეული სახის ზეწოლა, თუნდაც ასეთი საჯარო განცხადებებით?

- რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული სახის ზონდაჟი. სრული ინფორმაცია შეიძლება არ გვქონდეს, მაგრამ ასეთი განცხადებებით ხდება ნიადაგის მოსინჯვა. თუმცა, ვიმეორებ: საქართველო რუსეთთან ვერ დაიწყებს პოლიტიკურ მოლაპარაკებას, თუ მოსკოვი ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს. ქართული მხარე ისედაც უაღრესად დელიკატურად იქცევა, რომ ომში არ ჩაებას, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა ის წითელი ხაზია, რომელსაც ვერავინ გადავა.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები