Logo

მამუკა გამყრელიძე – თუ ეს სტატუსი ვერ მივიღეთ, ევროკავშირი დაკარგავს მონიტორინგის ბერკეტს, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს

პოლიტიკა
11.10.2022 / 15:49
Frontnews image description

თუ ეს სტატუსი ვერ მივიღეთ, ევროკავშირი დაკარგავს მონიტორინგის ბერკეტს, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, – ამის შესახებ Front News -ს “ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, ევროკავშირის მოლოდინია, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს და საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს.

 

“ევროკავშირის მოლოდინია, საქართველოს მმართველ ძალასა  და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება 12-პუნქტიან რეკომენდაციას, შესრულდეს. 

 

ვენეციის კომისიას “ქართულმა ოცნებამ“ გადაუგზავნა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომელიც მათი სურვილების ასრულებას უფრო უკავშირდება, ვიდრე რეკომენდაციების გათვალისწინებას.

 

ევროპარლამენტარები კარგად  ხედავენ, რომ მმართველი პარტიის საქმიანობა ცალმხრივია. შესანიშნავად იციან „ქართულ ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსების ანტიდასავლური განცხადებებისა და მისი მიზეზების  შესახებაც.   

 

ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ქვეყნისთვის უმჯობესია მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან მონიტორინგის შესაძლებლობის მიცემა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი მოძრაობა ევროკავშირისკენ“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

 

მისი თქმით, ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ევროკავშირმა ქვეყანაზე გავლენის ბერკეტები შეინარჩუნოს. 

 

“მართალია, “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ  ოპოზიციას  არ უნდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, მაგრამ  ეს ასე არაა,   ვცდილობთ, რომ ევროპარლამენტარები დავარწმუნოთ ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაში. თუ ეს სტატუსი ვერ მივიღეთ,   ევროკავშირი დაკარგავს მონიტორინგის ბერკეტს, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

Advertisement