მამუკა მდინარაძე - ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი

ავტორი
Front News საქართველო
დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, დამოუკიდებლობა, ღირსება, ეროვნულობა, იდენტობა და ადამიანების სოციალური მდგომარეობა არის ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
"ამ კანონებით უკანონობას, უსამართლობას, უსამართლო დამოკიდებულებას ვებრძვით. აქ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. დიახ, არავინ გიშუქებს დღეს შენ იმას, თუ არ არის ისეთი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ დაგაზიანოს, რომ 4 000 რომ იყო ცოტა ხნის წინ, დღეს აგერ, 5 წელიწადში - 10 000-ზე მეტია მშპ. არავინ გიშუქებს იმას, რომ გადამხდელები 13 მლრდ-ს რომ იღებდნენ 5 წლის წინ, 33-ს იღებენ 5-6 წლის თავზე. გარედან გელაპარაკებიან იმაზე, რა დავალებაც მისცეს, მაგრამ მთავარი არის ერთი - ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი, რომ მესმოდა და პროტესტი ჩემს წარმოდგენაში, ჩემს მეხსიერებაში ასეა დალექილი - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. ჩვენ კომუნისტური პერიოდის ბავშვები ვართ, შემდეგ გაიზარდა ეს ხალხი და ზოგი ხელისუფლებაშია, ზოგი ოპოზიციაში. პირველი პროტესტი ჩვენთვის იყო 9 აპრილი, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და გვესმოდა - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. დღესაც, ყველას ქვეცნობიერში ეს გვიდევს, დამოუკიდებლობა არის ის მთავარი, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს. და მერე თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გადაიტან, გაუძლებ. თუ სხვა იღებს გადაწყვეტილებას, არ შეიძლება, რომ სხვა იყოს იმდენად შენი მეგობარი, რომ შენი და მისი ინტერესები აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ემთხვეოდეს ერთმანეთს. როცა ინტერესები ემთხვევა, სახელმწიფოები მაშინ მეგობრობენ, როცა ინტერესი ოდნავ ასცდება, ის სახელმწიფო აღარ შეიძლება შენი მეგობარი იყოს. დიდი უმეცრება და გულუბრყვილობაა, რომ ჩვენი მეგობარია და ფულს გვაძლევდა. ფულს გაძლევენ იმაში, რომ თავისი ინტერესები გაატარონ, ეს უნდა დავიმახსოვროთ. დამოუკიდებლობა არის მთავარი და ამაყი ვარ, გულწრფელად, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი. დანარჩენი იმ ეკონომიკურ წინსვლაზეც თავისი სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს, სიღარიბე, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ როგორ შემცირდა იმაზეც უნდა ვისაუბროთ და არ უნდა მოვიგონოთ ამბები დაკვეთით, რომელი დაკვეთითაც მოგონილი ამბები მერე ქვეყანას, შენი ქვეყნის იმიჯს, სტაბილურობას აზიანებს და პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს, ერის გახლეჩას უწყობს ხელს. დამოუკიდებლობა, ღირსება, ეროვნულობა, იდენტობა, ადამიანების სოციალური მდგომარეობა, რომელზეც დიდი წინსვლა გვაქვს, ჩვენი მთავარი საზრუნავებია და ასე გავაგრძელებთ. ამაში მაინც უნდა ვთანხმდებოდეთ და ყველა ვამაყობდეთ, ვინც სხვაგან არის, ეს მისი საქმეა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




