მამუკა მდინარაძე - ქართული, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ ყველასთან სამეგობროდ მზად ვართ

ავტორი
Front News საქართველო
ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ, ყველაფერი შესაძლებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა მის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ქართული, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ ყველასთან სამეგობროდ ვართ მზად. ჩვენი დამოკიდებულება არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინა ხაზზე, წინა პლანზე დაყენება. მე თავად გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ სერიოზული შეხვედრა მქონდა, მათ შორის, არ არის დასამალი, პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხეთ ამ სერიოზულ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ დღეს არცერთი სპეცსამსახური და არცერთი ორგანიზაცია თუ უწყება არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება. ამ საკითხზე საუბრის დროსაც მე ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ჩვენ არ უნდა წაგვერთვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, ჩვენ ფიზიკური გადარჩენის პრობლემა არ უნდა გვქონდეს, ეკონომიკის ჩამოშლის პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ასეთ საკითხს არავინ უნდა აყენებდეს. ამის იქით ყველაფერზე შეიძლება საუბარი თუ ქართული ეროვნული ინტერესები იქნება გათვალისწინებული ჩვენთან ურთიერთობის დროს და არ უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობაზე ან ტერიტორიის სიმცირეზე აქცენტი და დაწოლა, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად ძლიერი ქვეყანა, რომ 100-მილიონიან ქვეყნებს ან რამდენიმე ათეულ მილიონიან ქვეყნებს რაღაცაში შევეჯიბროთ ან გავეჯიბროთ. ამიტომ, საქართველო არ უნდა დაიჩაგროს. ამ შემთხვევაში, თუ ეს მოცემულობა იქნება მისაღები, ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელთანაც ვპარტნიორობთ და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ და ვაგრძელებთ ურთიერთობას, ყველაფერზე დაველაპარაკებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




