მამუკა მდინარაძე – “ნაცმოძრაობა“, “ლელო“ და “სტრატეგია აღმაშენებელი“ მოქმედებენ ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებების ქვეშ


ავტორი
Front News საქართველო
ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება.
“აპარატები ერთმანეთს ეხმიანებიან და მათ დაუდასტურეს, რომ ხატია დეკანოიძე დაესწრებოდა ამ შეხვედრას, თუმცა შემდეგ საჯარო ინფორმაციის საშუალებებით გავიგეთ, რომ გადათქვეს და ძალიან უცნაური იყო, როდესაც არდასწრების შესახებ ერთი და იგივე აზრი მოუვიდა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას. ანუ, ვაშაძის პოლიტიკურ სუბიექტს და „ნაცმოძრაობას“ ამ შემთხვევაში. სხვები, როგორც ვიცი, ჯერჯერობით ესწრებიან, „ლელო“ დაესწრება თუ არა, მათი დასტურიც გვაქვს, მე ამ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცი. არ დაესწრება? უსუფაშვილმაც თუ თქვა, რომ არ დაესწრება, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ეს კლასტერი, ანუ „ნაცმოძრაობა“, იგივე „ნაცმოძრაობა“, “ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთად მოქმედებენ ერთი დირიჟორის გადაწყვეტილებების ქვეშ.
როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ამბავს, მათში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არ დაესწრონ შეხვედრას. ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ. როგორც ვიცი, მათ ახსენეს ქუჩის პროტესტი. როგორც ჩანს, პირველი პუნქტის შესრულებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ირონიაა იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაციის ნიშანწყალი მათ ქმედებებში არ არის. მათ არ უნდათ ამ რეკომენდაციების შესრულება. ისინი არც ერთ ნაბიჯს არ დგამენ რეკომენდაციების შესასრულებლად. დღევანდელი დღე, შეხვედრაზე მონაწილეობის დადასტურება დილით და შემდეგ არმოსვლა იმისი ლუსტრაციაა, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე პირდაპირ ამბობენ უარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, დღეს უნდა მოისმინონ ოპოზიციური სპექტრის აზრი სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, ხვალ კი გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
“ხვალამდე ჩვენ არ ვიტყვით არაფერს, არც ერთ წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რას დავაპირებთ, რადგან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისულებიც არ ვართ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვისმინოთ ოპოზიციური სპექტრის აზრი შერჩევის წესთან დაკავშირებით, ხვალ გვექნება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვით. ყველა შემთხვევაში, ერთი ზოგადი პასუხი შემიძლია, გაგცეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და ვუზრუნველყოფთ, რომ ინკლუზიური იყოს პროცესი და არავის ჰქონდეს კითხვის ნიშანი და შარის მოდების საშუალება, რომ მმართველმა გუნდმა რაიმე დააკლო ამ პუნქტის შესრულებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას საბოტაჟი გამოუცხადოს, ისევე, როგორც მთლიანად პროცესს, ესეც საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის ღია, ნათელი, ცნობილი იქნება. ჩვენ ყველა შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როგორც სხვა პუნქტებთან დაკავშირებით, ამ პუნქტზეც, მაქსიმალური ინკლუზიური პროცესი და შედეგი დავდოთ”, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე