მამუკა მდინარაძე – რატომ არ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს ეჭვი, რომელიც გამოვთქვი მეც და არა მხოლოდ მე


ავტორი
Front News საქართველო
ყოველთვის გვიწევს პასუხების გაცემა და თუ უკრაინიდან, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან არ არის ხოლმე თავდასხმა, პირდაპირ მოწოდება ომისკენ, შიდა საქმეებსა და მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობები, ჩვენ არანაირ პროაქტიულ ღონისძიებას არ ვატარებთ, არანაირ განცხადებას არ ვაკეთებთ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.
“შეიძლება, ეს ვიღაცას ფორმალურ საკითხად მოეჩვენოს, მაგრამ, მაგალითად, არახამიამ რომ განცხადება გააკეთოს უკრაინაში, საქართველოში არავის აზრად არ მოუვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უპასუხოს მას. ელემენტარული პატივისცემის ამბავია მეგობარ სახელმწიფოებს შორის. რატომ არ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს ეჭვი, რომელიც გამოვთქვი მეც და არა მხოლოდ მე, როდესაც იგივე ქვეყნის ოფიციალური პირები, მაღალი რანგის თანამდებობის პირები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობაში დღეს არ არიან ომის ადამიანები და მიხეილ სააკაშვილი ამას შეძლებდა, ლეგიტიმურია თუ არა ეჭვი და დასაბუთებულია თუ არა ვარაუდი, რომ ერთ-ერთი მიზანი ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლის თუ გამოგზავნის, შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო?
უკრაინა დღეს არის ქვეყანა, რომელიც ომშია და დამატებით რაღაც დეტალების გახმოვანებას ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ისინი ამგვარ მოქმედებებს ჩაიდენენ ხოლმე, ჩვენ იძულებული ვხვდებით, ვუპასუხოთ. არცერთი ჩვენი რეაქცია, ჩვენი განცხადება არ ყოფილა პროაქტიული. არ დაგვიწყია არანაირ მსგავს თემაზე ჩვენ საუბარი, ყოველთვის გვიწევს პასუხების გაცემა და თუ მეორე მხრიდან, ჩვენი მეგობრების, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან არ არის ხოლმე თავდასხმა, პირდაპირ მოწოდება ომისკენ, შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა, ჩვენ არანაირ პროაქტიულ ღონისძიებას არ ვატარებთ, არანაირ განცხადებას არ ვაკეთებთ. მაგრამ არის შემთხვევები, ეს შემთხვევა იყო ახლაც, როდესაც ხდება კონკრეტული, გარკვეული საკითხებით ძალიან ცუდად მანიპულირება, მაშინ ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა და ასევე გავაგრძელებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე