Logo

მარიამ ლაშხი - სტივ დეინსის მხრიდან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად შეფასდა

პოლიტიკა
60
Frontnews image description

აშშ-ში საქართველოს დელეგაციამ პირველი შეხვედრა სენატორ სტივ დეინსთან გამართა, შემდეგი შეხვედრები კი ჩანიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ანალიტიკურ ორგანიზაციასთან, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განუცხადა.

მარიამ ლაშხის ცნობით, შეხვედრაზე სენატორის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად შეფასდა და მზაობა გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს.

„ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკურ დიპლომატიას და ეკონომიკის განვითარებას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის როლზეც, საქართველოზე, როგორც რეგიონის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეზე. ასევე, ვისაუბრეთ, რომ შედგეს მისი ვიზიტი საქართველოში. სენატორ სტივ დეინსთან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა“, – განაცხადა ლაშხმა.

მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს ინტერესებზე ისაუბრებს და ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„დაგეგმილი შეხვედრები პოზიტიური გზავნილია ამერიკის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვაზე. მნიშვნელოვანია, რომ აქამდე რეგიონს ეკონომიკურ ჭრილში არ უყურებდნენ, თუმცა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრაგმატული ხელისუფალი ჰყავს, რომელიც ეკონომიკურ დიპლომატიაზე აკეთებს აქცენტს“, – განაცხადა ლაშხმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები