Logo

მარიკა დათუკიშვილი – სუს-ის ტროლები და ბოტები არ მჭირდება ჩემი პარტიის თავმჯდომარის ხმის მიმცემებად

პოლიტიკა
443
Frontnews image description

ვთვლი, რომ ნიკა მელიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტი, – ამის შესახებ  თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის”  ყოფილმა დეპუტატმა მარიკა  დათუკიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, 2018 წლიდან პარტიაში თვალსაჩინო გახდა პრობლემები. 

 

“დღეს რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, არ არის ჩვეულებრივი რიგითი ამბავი. დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში” არის კრიზისი, ადამიანები ტოვებენ პარტიას. ვერ დავეთანხმები შეფასებას, რომ ადამიანებმა ბრძოლას ვერ გაუძლეს. ბრძოლაზე უარი არ გვითქვამს,  მაგრამ სივრცე აღარ დარჩა,  სადაც შეიძლება ბრძოლა გავაგრძელოთ. 

 

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ მისი დაფუძნების პირველი დღიდან, ამიტომ ამ პარტიის მომავალი ჩემთვის სულერთი არ არის. 

 

არ მომწონს ის ფორმა, რომლითაც ნიკა მელია არის არჩეული, არ ვიცი, ვის მიერ არის არჩეული. ძალიან კარგად ვიცით  ფეისბუქ არჩევნები რა არის, სუს-ის ტროლები და ბოტები არ მჭირდება ჩემი პარტიის თავმჯდომარის ხმის მიმცემებად. 

 

მე ვთვლი, რომ ნიკა მელიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი, დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩემს ქვეყანას ოლიგარქი ჰყავს დასამარცხებელი, 12 პუნქტია შესასრულებელი, რომელიც ევროკავშირისკენ გვიხსნის გზას.  ეს ყველაფერი ოპოზიციის კონსოლიდირებამ უნდა მოახდინოს. ყველაზე დიდი პარტიის უმოქმედობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს ნიკა მელია არ უნდა წარმოადგენდეს ამ პარტიას.  პარტია  უნდა გახდეს გამჭვირვალე, ჩატარდეს შიდა პრაიმერისი. მე არ ვეთანხმები პარტიათა შორის პრაიმერისს, ჩატარდეს პარტიის ყრილობა და ნიკა მელიას თუ უნდა,  რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი,მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისცეს შესაძლებლობა სხვა ადამიანს ან ადამინების ჯგუფს პარტიის მმართველობაში ჩართულობის“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები