Logo

მარინა კურატაშვილი – ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს

Frontnews image description

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მისი ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს.

 

“ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.

 

ამასთან, მარინა კურატაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მაინც და მაინც მძიმედ არ იხსენებს.

 

“პოსტრავმულ სტრესულ აშლილობაზე როცა ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, სჯობს, არ ჰქონდეს სტრესული გარემო. რამდენად სტრესულია მისთვის რუსთავის საპყრობილე, უნდა ვთქვათ, რომ რუსთავის საპყრობილეს მაინც და მაინც მძიმედ არ იხსენებს. ამის თქმა შემიძლია ერთჯერადი ინტერვიუთი“, – განაცხადა მარინა კურატაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები