მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად, საახალწლო დღესასწაული ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში აღინიშნა. დამდეგი შობა-ახალი წელი მოქმედი, დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მიულოცეს.
სტუმრების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა, თოვლის ბაბუამ და მომღერლებმა იზრუნეს. ბავშვები სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ და ღონისძიების ბოლოს საჩუქრებიც მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები უკვე ჩატარდა გორში, ქუთაისსა და სენაკში მდებარე სამხედრო ბაზებზე. საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება კი, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართება.
თაგები:
საახალწლო ღონისძიება




