Logo

“მე და ალეკო ელისაშვილი მივიჩნევთ, რომ ამოცანა, რისთვისაც შემოვედით პარლამენტში, ძალიან კარგად შევასრულეთ”

საზოგადოება
257
Frontnews image description

მე და ალეკო ელისაშვილი ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც შემოვედით პარლამენტში, ძალიან კარგად შევასრულეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ჩატარებული ყოველი არჩევნები იყოს ბევრად უფრო სანდო და გამჭვირვალე.

„ჩემი აზრით, დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, რადგან საბოლოო ჯამში, შევძელით, მიგვეღწია შეთანხმებისთვის და მიგვეღო დოკუმენტი, რომელიც საქართველოში რეალურად შეცვლის არჩევნებს და მას გახდის ბევრად უფრო სანდოს.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ მეც და ალეკო ელისაშვილიც ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც შემოვედით პარლამენტში, ძალიან კარგად შევასრულეთ, რადგან როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ვადამდელი თუ 2024 წლის არჩევნები, ეს დღე იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე, ბევრად უფრო გასაგები და ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე ყოფილა.

ეს ცვლილებები ითვალისწინებს ყველაზე მთავარს: ელექტრონული მთვლელი მანქანების შემოტანას პირველ ეტაპზე საარჩევნო უბნების ნაწილზე და შემდეგ მთელ საქართველოში, რეგისტრაციას ანაბეჭდის საშუალებით, რაც გულისხმობს, რომ ეს ყბადაღებული თემა – ე.წ. კარუსელები და მკვდარი სულები – საბოლოოდ დაიხურება, ასევე 10 პროცენტის სავალდებულო გადათვლა, რაც ნიშნავს, რომ მთელ საქართველოში დაახლოებით 365 უბანი  სავალდებულო წესით გადაითვლება, რაც პრინციპში უკვე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ სადმე რაღაცა გაყალბებაზე იფიქროს იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბის გადათვლა თავისთავად დააზღვევს ამ პროცესს. ეს გადათვლა მოხდება არა ერთი ან ორი თვის მერე, არამედ არჩევნების ჩატარებიდან ყველაზე ბევრ ექვსი დღის ვადაში.

ეს და სხვა ყველა ცვლილება, რაც ამ კანონპროექტით არის გათვალისწინებული, ჩემი აზრით, ნამდვილად რევოლუციურია და რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ძალებს მისცემს საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა.

თაგები:

Advertisement