Logo

“მე დღემდე ერთგული ვარ ამ პრინციპების, რაც 25 წლის წინ წარმოვთქვი და აქ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ იცვლება დრო”

Frontnews image description

მე დღემდე ერთგული ვარ ამ პრინციპების, რაც მაშინ წარმოვთქვი და აქ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ იცვლება დრო, ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სირთულეები ერთიმეორეს ენაცვლება, არის სიხარული, ტკივილი, ყველა ეპოქას თავისი სირთულე ახლავს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის 25 წლისთავთან დაკავშირებით ხობის, ნოჯიხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ დადგენილ ვიქენი მღვდელთმთავრად და ახლაც ვალდებულად ვრაცხ ჩემს თავს, რომ დიდება და მადლობა შევწირო ყოვლის მომცემელს.

მღვდელთმთავრობა განსაკუთრებული მისიაა, ამას ვაცნობიერებ მთელის პასუხისმგებლობით; ჩვენ თითქმის  ყველამ ერთად გავიარეთ ეს წლები. სახეზეა გზა, რომელიც გაჯერებულია შრომით, ფიქრით, მეცადინეობით, ჩვენ ერთად ვქმნიდით იმას, რასაც ვქმნიდით და ჩვენთან ერთად ყოველთვის იყო ღმერთი, რომელიც არასდროს გვტოვებს; მაშინაც კი, როდესაც განსაკუთრებულად დაგიმძიმდება ადამიანს ტვირთი, იმედის შუქურასავით გრძნობ და ხედავ, რომ უფალი შენთან არის.

ცხოვრება წუთისოფელში ნებისმიერი ადამიანისგან მოითხოვს საკმაოდ დიდ ძალისხმევას, შრომას და  არა მხოლოდ ფიზიკურს, არამედ სულიერს, რადგან, როგორც ახლა წმიდა წერილშიც წავიკითხეთ, უფალი მოგვიწოდებს მღვდელთმთავრებს, გამორჩეულად სასულიერო პირებს: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მთ. 5,16).  ეს არის ის, რაც ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპია.

25 წლის წინ სიონის საკათედრო ტაძარში კურთხევის წინა საღამოს, უკვე ეპისკოპოსად გამორჩეული, მე ჩემს სიტყვაში მიმოვიხილავდი კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლს და ეკლესიის მდგომარეობას; ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ პიროვნებას, ვისი ომოფორის ქვეშაც უნდა მემსახურა და მეტვირთა ეს პასუხისმგებლობა.

მე დღემდე ერთგული ვარ ამ პრინციპების, რაც მაშინ წარმოვთქვი და აქ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ იცვლება დრო, ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სირთულეები ერთიმეორეს ენაცვლება, არის სიხარული, ტკივილი, ყველა ეპოქას თავისი სირთულე ახლავს. 25 წელი გავიდა მას შემდეგ! ამ 25 წლის მანძილზე სამყარო შეიცვალა და ჩვენ ვდგავართ იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ჩვენი სათქმელი სიტყვისთვის მოვნახოთ შესაბამისი ფორმები და საშუალებები, რათა ადამიანის გულს მივაწვდინოთ ის სიტყვა, რომელიც უფალმა გვითხრა და მოგვიტანა. როგორც ჩანს ეს მთლად ადვილი არ არის, და არც არასდროს ყოფილა ადვილი.
მე შევთხოვ ღმერთს, ღირს-მყოს, რომ შევძლო ჩემი მსახურების აღსრულება ისე, როგორც ეს სათნო იქნება მისთვის. თუმცა, მღვდელთმთავარი, თითოეული სასულიერო პირი და გამორჩეულად კი მღვდელთმთავარი – ვერ არის იმ თავისუფლებით აღჭურვილი, რომ თავის ემოციებს მისცეს გასაქანი და ეს უმალ საჯაროდ ისაუბროს.
მოქმედი მღვდელთმთავარი ფიქრობს, და მეც ასე ვარ, რომ ყოველი სიტყვა, რომელიც ითქმება, ყოველი გადადგმული ნაბიჯი, გარკვეულ შედეგებს წარმოშობს. მე ვგრძნობ ამ ვალდებულებას, რომ ჩემი სიტყვა თუ ქმედება, თუ საქმე, საზოგადოდ – იყოს ორიენტირებული შედეგზე და არა მხოლოდ დროის იმ კონკრეტულ მონკვეთზე, როდესაც ემოციური იმპულსი გიბიძგებს ადამიანს რაღაცის თქმას.

ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო, როცა (ესოდენ დიდი) პასუხისმგებლობა დამაკისრა. მე კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ ღმერთის მოწყალება არც არასდროს მოაკლდება ადამიანს. უბრალოდ ადამიანებს ახასიათებთ ხოლმე ამის ძალიან პიროვნული განცდა, მაგრამ ღმერთის ბუნება, მისი არსი უცვლელია და ის ყოველთვის ტვირთთან ერთად იმ ძალასაც გვაძლევს, რომ ვზიდოთ ეს ტვირთი და არ დავიწყოთ წუწუნი და მოთქმა.

მე ვმადლობ ღმერთს იმისთვის, რისი საშუალებებიც მოგვეცა ჩვენ ამ 25 წლის მანძილზე. ეს ტვირთი, პასუხისმგებლობა, ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ:

(1) ეს არის ჩვენი საქმიანობა უშუალოდ ეპარქიის ფარგლებში და ყოველივე ის, რაც აქ აღსრულდა, თითოეული თქვენთაგანის წვლილი არის ამაში და მე გმადლობთ თქვენ ამისთვის; მით უმეტეს საქმე, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ ძალიან დიდ და მრავალმხრივ შრომას, მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს და ეს მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი, მაგრამ მღვდელთმთავრის ტვირთი და პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ეპარქიით.

(2) მღვდელთმთავარი, როგორც ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოს – წმიდა სინოდის წევრი, პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ეკლესიაში ხდება. დიახ, მეც ვგრძნობ პერსონალურ ამ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა დოზით მიუძღვის წვლილი ეკლესიაში არსებულ წარმატებებში და თუნდაც წარუმატებლობაში.

ადამიანის ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა; წუთისოფელი შემთხვევით არ დაურქმევია კაცს ამ ცხოვრებისთვის. თუ ათასი წელი, ვითარცა ერთი დღეა ღვთის წინაშე, მაშინ ჩვენი ცხოვრება ერთი გაელვებაა და ამ გაელვებაში რამდენი რამის ჩატევას ცდილობს ადამიანი.

ღმერთმა დაგლოცოთ! დღეს, ალბათ, როგორც არასდროს, ამ 25 წლის თავზე, მადლიერების გრძნობით მოგმართავთ თქვენ, როგორც სასულიერო პირებს, ასევე მრევლს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროში იღწვით – თქვენს შორის ზოგი ხელისუფლებაში იმყოფება, ზოგიც თავისი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობითა და ტვირთით არის დაკავებული.

მე მადლიერი ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის; მე მახსენდება ის პირველი საუბარი მომავალ სამღვდელთმთავრო მსახურებასთან მიმართებაში, როდესაც თბილისში გამომიძახა მისმა უწმიდესობამ და შეხვედრისას მითხრა ასეთი რამ:

– ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ სამღვდელთმთავრო მსახურებისთვის გამოგირჩიოთ, მზად ხართ ამისთვის?
მე არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა?! ჩემს მაგივრად პასუხი თვით კათალიკოს-პატრიაქმა გასცა თავისსავე დასმულ კითხვას:

– თუმცა, ვინ არის მზად, არც არავინ არის მზად.

ჩვენ შეიძლება სურვილი გვქონდეს დიდი და კარგი საქმეები ვაკეთოთ, მაგრამ ყველაფერს მზაობა სჭირდება და მზაობას სჭირდება თავისუფალი ნება;

ნება მე ყოველთვის მქონდა და დღესაც მაქვს, რომ ჩემი ცხოვრება ვამსახურო ღვთის დიდებას, მისი ეკლესიის დიდებას, მისი განსაკუთრებული მისიის წარმატებით შესრულებას; ვამსახურო იმ ადამიანებს, რომელნიც ისმინიან მწყემსის სიტყვას.

როგორც წმიდა წერილში (ღვთის კაცთა შესახებ) ვკითხულობთ: „ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა – სიტყუანი მათნი“ (ფსალ. 18,4).

დღეს თითქოს ბევრად მეტია და ნამდვილად მეტია საშუალებები იმისთვის, რომ შენი სიტყვა მიაწვდინო ნებისმიერ წერტილს და კუთხე-კუნჭულს დედამიწისა და, სამწუხაროდ, ეს სიტყვა ხშირად ორ ნაბიჯზე მდგარ ადამიანთანაც ვერ აღწევს. რა ხდება, რატომ ხდება ასე?

სიტყვამ რომ ადამიანის გულს და გონებას  მიაღწიოს, მას სჭირდება მუხტი, ენერგია; ეს არის ცოცხალი სიტყვა; ამ სიტყვისთვის კი არ არსებობს საზღვრები, ასეთ სიტყვას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება (და შესაბამისად), შეცვალოს სამყარო.

დიდება და მადლობა ღმერთს, რომ მომეცა დღეს საშუალება აქ თქვენთან ერთად ვყოფილიყავი, ერთად აღგვესრულებინა მსახურება და მიგვეძღვნა ჩვენი ლოცვა ღვთისადმი, გრიგოლ ღვთისმეტყველისადმი, რომლის განსაკუთრებული სულიერი მფარველობის ქვეშ ვიმყოფები, რომლის სახელსაც ვატარებ;

ჩემთვის ორმაგად სანუგეშოა ამ სახელის ტარება, რადგან ასე მოხდა, როდესაც სახელი მომენიჭა, ეს სახელი ამავდროულად იყო მამაჩემის სახელი; თითოეული თქვენგანისთვის, თითოეული ადამიანისთვის, ალბათ, ამ ქვეყანაზე მშობლები (დედა, მამა) უძვირფასესი ადამიანები არიან და ამ შემთხვევამ მე კიდევ უფრო მეტად, რაღაც სხვაგვრად დამაახლოვა მათთან.

ალბათ, არ დავიღლები და ვერ დავიღლები, და ზედმეტიც არ მომივა, რომ ყოველი სიტყვის შემდგომი სიტყვა ვთქვა მადლობა ღვთისადმი და ერთი სიტყვითაც კი არ დავიწუწუნო.

ის, რაც უნდა ვთქვა და აუცილებლად უნდა ვთქვა, ეს არის არა გაკეთებული, არამედ გასაკეთებელი, არა ნათქვამი, არამედ სათქმელი კიდევ მომავალშიც, ვიდრე უფალი მოგცემს ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობაში ამის საშუალებას.

არის თემები, საკითხები, რომელზეც ადამიანი ფიქრობ; და რასაც ფიქრობ, იმის თქმას სჭირდება განსაკუთრებული მზაობა იმისათვის, რომ სიტყვას საქმე მოყვეს. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სიტყვა ყოველთვის იყოს სიტყვა საქმიანი, თქვენი სიტყვა იყოს დიდი ენერგიით დამუხტული, ეს იყოს სიტყვა, რომელსაც შეუძლია მთა გადადგას, ადამიანის გული შეძრას (მოინადიროს).

დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.

მე ასევე ვმადლობ ჩვენს მღვდელთმთავრებს, წმიდა სინოდის წევრებს ყველაფრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი აზრი არ გვაქვს და ყველაფერზე ერთნაირად არ ვფიქრობთ. 

ღმერთმა ინებოს (და შეგვაძლებინოს), რომ ჩვენი აზრი ყოველთვის ერთიანი იყოს იმ საკითხებში, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს თანაზიარებას მსოფლიო ეკლესიასთან, ჩვენს თანაზიარებას იმ ღირებულებებთან, რომელიც ძირს უმაგრებდა და მომავალშიც ძირს გაუმაგრებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სიმტკიცეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი!", – მიმართა მიტროპოლიტმა მრევლს.
 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები