Logo

“მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, ამ ადამიანს ეთერში მოვიწვევდი, ყველაფერს გამოვკითხავდი და კვერცხს არ ვისროდი”

Frontnews image description

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახო მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიერ, შენობაზე კვერცხების სროლა გიჟური საქციელი იყო. ამასთან, მეგრელიშვილი განმარტავს, რომ ჟურნალისტი რომ ყოფილიყო პოზნერს ეთერში მოიწვევდა და სხვადასხვა საკითხებზე კითხვებს დაუსვამდა. 

"მოდი ჯერ დავინახოთ სურათი, რას ვაპროტესტებდით და რა ხდებოდა. ვუყურებდი, როგორ მივარდნენ ადამიანები სადღაც და ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ჭამას აპირებდნენ, მოუწყეს პროტესტი. აქ არის რამდენიმე ამბავი: ერთია, ადამიანი, რომელიც არ მოგვწონს, ვეძახით რუსეთის პროპაგანდისტს და არის მისი შემოშვება -არ შემოშვების საკითხი. ამ ადამიანს მე აქამდე დიდად არ ვიცნობდი, მოხუცია, არ მახსოვს მისი საბჭოთა წარსული, გუშინ დავგუგლე და  უფრო ბევრი რამე გავიგე, ვიდრე მანამდე ვიცოდი ამ პოზნერის შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ 87 წლის ადამიანია, რომ მესამედ ჩამოდის საქართველოში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად, რომ ეს ადამიანი დადიოდა მანამდეც და ჟურნალისტებს ტრენინგებს უტარებდა. ანუ, ვიცი, რომ ამ ადამიანს საქართველოსთან აქვს რაღაცნაირი კავშირი და მანამდე ეს არასოდეს არ გაგვიპროტესტებია. 

მეორე საკითხია, საქართველოს მთავრობის ორმაგი დამოკიდებულება, როდესაც ის სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა რეჟიმში აყენებს. საქართველოს მთავრობას ეს დღეს არ დაუწყია, მას დიდი ხანია, ორმაგი სტანდარტი აქვს. რომელი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია? ის, კონკრეტული ადამიანის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რომ აღგვაშფოთებს და გვინდა, ასეთი ადამიანები საზღვარზე არ შემოვუშვათ, თუ მეორე, საქართველოს მთავრობის ზოგადი დამოკიდებულება წესების მიმართ, რომელიც წესებს ერთნაირად არ ავრცელებს? მე პირველს ბევრად ნაკლებ პრობლემად მივიჩნევ, ვიდრე მეორეს. პირველი პრობლემა რომ აღმოვფხვრათ, რომ საქართველოში ისეთი ადამიანები შემოდიოდნენ, რომლებიც ქართველებზე მხოლოდ კარგს ფიქრობენ, საქართველოს ინტერესები აღელვებთ, მაშინ სიცრუის დეტექტორები დავაყენოთ ხომ? არ ვფიქრობ, რომ ჩვენს წარმოდგენებზე უნდა იყოს დამოკიდებული, ვინ შემოვუშვათ და ვინ არა. ამ ადამიანებს მასპინძლები საქართველოში ხომ ჰყავდათ? ჩვენ, იმ აქციის მონაწილეებმა, საქართველოს მოქალაქეებს მივაყენეთ შეურაცხყოფა. მე, ჩემი შვილი და მეუღლე ვუყურებდით ტელევიზორში ამ კადრებს და შემზარავი იყო  კვერცხების სროლა, რომელიღაც კერძო დაწესებულებაზე, რომელიც ძალიან კარგი, წარმატებული ბიზნესია საქართველოში. ჩვენ მივვარდით საქართველოს წარმატებულ მოქალაქეს და შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს კვერცხების სროლა ამაზრზენი საყურებელი იყო და ამაში არაფერი პატრიოტული არ იყო. ამ ხალხს მე ვუყურებ ყველა პროტესტზე, დანიელსონთან რომ ვიჯექით შეხვედრაზე, ხომ ეს ხალხი იყო, რომელიც ქვემოთ ჰყვიროდა, არ შეთანხმდეთ შემთხვევითო, ხო ეს ხალხია, რომელიც ყველაფერს აპროტესტებს? ხოშტარია ის პოლიტიკოსი არ არის, რომელიც ლოკდაუნის საკითხებზე მადლობა უხდიდა მთავრობას, რომ კარგად გაართვა თავი საქართველოს მოქალაქეების გამოწყვდევას? 

მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, ამ ადამიანს ეთერში მოვიწვევდი და უამრავ შეკითხვას დავუსმევდი, გამოვკითხავდი რა დამოკიდებულება აქვს, როგორ იყო საბჭოთა კავშირის დროს პროპაგანდისტი, შეიცვალა თუ არა რამე აზრი, ახლა რა ჭკუაზეა, რა ტრენინგებს უტარებდა ქართველ ჟურნალისტებს, ყველაფერს გამოვკითხავდი და კვერცხს არ ვისროდი, ასე გიჟურად არ მოვიქცეოდი. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდა აქტივისტების მიერ მოწყობილი აქციების მე არ მჯერა", – განაცხადა მეგრელიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები