Logo

მედიის ცნობით, ირლანდიაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავს ოთხი უცნობი სამხედრო ტიპის დრონი აედევნა

უკრაინა
17
Frontnews image description

ირლანდიაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს ოთხი უცნობი დრონი აედევნა, - ინფორმაციას The Journal ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი დუბლინის აეროპორტში გრაფიკზე ოდნავ ადრე დაეშვა. დრონებმა ადგილს "ზუსტად დანიშნულ დროს" მიაღწიეს.

ამის შემდეგ დრონებმა ირლანდიის საზღვაო ძალების გემს გადაუფრინეს, რომელიც ფარულად გაიგზავნა ირლანდიის ზღვაში უკრაინის ლიდერის ვიზიტის ფონზე. ირლანდიამ გადაწყვიტა, რომ დრონები არ ჩამოეგდო, ხომალდის ბორტზე კი მათი განეიტრალების საშუალებები არ იყო.

უცნობმა წყაროებმა The Journal-ს განუცხადეს, რომ დრონები დუბლინის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აფრინდნენ და ჰაერში ორ საათამდე დარჩნენ. ირლანდიის პოლიცია ინციდენტს იძიებს. ამჟამად უცნობია, ვინ გაუშვა და მართავდა დრონებს.

ირლანდიელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მიზანი ზელენსკის თვითმფრინავის ირლანდიაში ჩასვლის ჩაშლა იყო, რადგან დრონებს განათება ჩართული ჰქონდათ.

ირლანდიის პოლიციის კომისარს ინციდენტის შესახებ სამშაბათს, 2 დეკემბერს, დილით აცნობეს. ინციდენტის შესახებ ასევე აცნობეს ირლანდიის პრემიერ-მინისტრს მაიკლ მარტინს და იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებს. უცნობია, იყო თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდი ინფორმირებული დრონების შესახებ.

ჟურნალისტების ცნობით, ირლანდიის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს, რომ დუბლინის აეროპორტში დრონები დიდი, ძალიან ძვირი და სამხედრო დანიშნულების იყო და ინციდენტი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ჰიბრიდული თავდასხმა.

უკრაინის პრეზიდენტი ირლანდიაში 2 დეკემბრის ღამეს ჩავიდა.

Advertisement