Logo

მერცი - ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა ჯერ აქტუალური არ არის, მთავარი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა

უკრაინა
3 საათის წინ / 11:56
115
Frontnews image description

ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა სამშვიდობო ძალების როლში ჯერ აქტუალური არ არის. მთავარი ამოცანა რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

ალბანეთში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სამომავლო მოლაპარაკებები უნდა ითვალისწინებდეს უკრაინისთვის მკაფიო ფორმატს და პოტენციურ უსაფრთხოების გარანტიებს.

"შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის მკაფიოდ განსაზღვრა, ასევე უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრა, რომლებიც შესაძლოა, უკრაინას მომავალში დასჭირდეს“, - განაცხადა მერცმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ევროპული სამხედრო ძალების გაგზავნა ახლა აქტუალური არ არის.

"ამ ეტაპზე ამ საკითხის განხილვის საფუძველი არ არსებობს. ჩვენი მთავარი მიზანია ცეცხლის შეწყვეტა და მკვლელობების შეჩერება. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა“, - განაცხადა კანცლერმა.

აღსანიშნავია, რომ მერცის პოზიცია სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით, იმეორებს მისი წინამორბედის ოლაფ შოლცის პოზიციას, რომელიც ასევე პრიორიტეტს ანიჭებდა სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს, ვიდრე ადგილზე ჯარების ყოფნის საკითხის განხილვას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობოების განლაგება. მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს არ გადააჭარბებს.

ადრე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა ლონდონის მზადყოფნა, გაგზავნოს სამშვიდობოები უკრაინაში და ეს მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად მოიხსენია. მან მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭიროს ამ შეთანხმებას და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ევროპის ქვეყნებისთვის.

Advertisement