Logo

მეუფე გრიგოლი - ძალიან მძიმე გზას გადის ჩვენი სამშობლო, ყველანი განვიცდით ამას, უფლისმიერი მშვიდობა თუ გვიშველის ჩვენ მხოლოდ

საზოგადოება
303
Frontnews image description

დღესაც ღაღადებს ილია მართლის ყოველი სიტყვა, მისი ყოველი დარიგება. როგორც ვხედავთ, მართალი კაცის მართალ სიტყვას ვერაფერი ჩაახშობს, ვერც საპყრობილე, ვერც თავის მოკვეთა, ვერც დაფლვა, ვერაფერი შეზღუდავს მართალი სიტყვის გავრცელების საზღვრებს და ვერ დააკნინებს მის მნიშვნელობას; სიტყვას ვერ დაატყვევებ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა 12 სექტემბერს წმიდა ილია მართლის ხსენებასთან დაკავშირებით ფოთში, წმ. ილია მართლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ადამიანი შინაგანად თავისუფალია და თუ ის ჭეშმარიტად ღვთის სიყვარულით ნასაზრდოები, ღვთის სამართალს მიყვება, მას ვერ შეაშინებ და ვერ დაადუმებ.

"პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმანო და დანო,

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ წმიდანად აღიარებული ჩვენი დიდი წინაპრის, წმიდა ილია მართლის სახელობის ტაძარში, რათა აღვავლინოთ სავედრებელი ლოცვა. დღევანდელ დღეს, 1907 წლის 12 სექტემბერს (წიწამურთან) მოკლეს ილია ჭავჭავაძე, ხოლო 1987 წლის 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად აღიარა და უწოდა მას „წმიდა ილია მართალი“.

რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის, რა გახდა მიზეზი ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და რამ განაპირობა მისი მუხანათური მკვლელობიდან 80 წლის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის მიერ ამ დიდი ერისკაცის წმიდანად აღიარება.

უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ილია ჭავჭავაძე, წმიდა ილია მართალი, არის დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულის ჩამდგმელი და ქართველი ერის მიერ საქართველოს სულიერ მამად აღიარებული.

ამ წუთებში მე მახსენდება ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე, ჩვენი დიდი მგოსნის, ვაჟა ფშაველას მიერ წარმოთქმული სიტყვები: „ვინც ილია მოკლა, რომ შეეძლოს საქართველოსაც მოკლავდაო“. უკვე ამ სიტყვებში ჩანს ილიას პიროვნების დიდებულება და სამშობლოსთან შესისხლხორცებული მისი სულისკვეთება; იგი სულით ხორცამდე იყო განმსჭვალული იმ ტკივილით და იდეით, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ „მგზავრის წერილებში“ მოხევე ლელთ ღუნიას ათქმევინა: „ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“- ო.

სხვათა შორის, პატარა ქვეყნისთვის, იყო შენი თავის ბატონ-პატრონი, დიდი გამოწვევაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის და ამისთვის საჭიროა გონიერება, სიბრძნე, შრომა და განათლება და ადამიანების გაერთიანება ერთი იდეის ქვეშ.

ჩვენ ხშირად ვახსენებთ და ილია მართალი (ჭავჭავაძე) განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ ჩვენთვის და რა გააკეთა საქართველომ ქრისტესთვის: - ქართველმა ერმა „...მკერდი გადაიღეღა და ამ მკერდზე, როგორც კლდეზე, დაუდგა ქრისტიანობას საყდარი..,“ „ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, და საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის“.

წმიდა ილია მართლის მიერ გამოთქმული ეს შეფასება ჩვენთვის არის ერთგვარი პასუხი იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა საქართველო უმძიმეს ისტორიულ ქარტეხილებს და როგორ მოვიდა დღემდე; ჩვენს ირგვლივ ხომ გადარჩენის არანაირი სხვა პირობა, სხვა ხსნა არ არსებობდა. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ჩვენი ერის თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნებისა და სამომავლო განვითარების გზად კვლავაც გვესახება ღმერთის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება, მორჩილება და სიყვარული და ...განსაკუთრებული ერთგულება მის მიმართ, ვინც ჩვენთვის თავს იდვა ჯვარცმა და სიკვდილი, რამეთუ ამას მოსდევს აღდგომა და ამაღლება. სწორედ ეს არის სულიერი სიბრძნითა და ისტორიული გამოცდილებით ნაკარნახები ჩვენი გადარჩენის ფორმულაც და ერთგვარი გზამკვლევიც! „წმინდა ილია მართლის ცხოვრების ეტლმა, როგორც ამას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღნიშნავს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ეტლის მსგავსად, ცეცხლის კვესებით გადაუარა საქართველოს ცას და წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენში. გარდაცვალება არ ეთქმის მის სიკვდილს; ეს იყო ჯვარცმა და მსწრაფლამაღლება; ეს იყო გარდასახვა, თითოეულ ქართველში განბნევა და მასში ერის სიყვარულად აღდგომა. საქართველოს ცაზე დღესაც ტრიალებს წმინდა ილია მართლის თანამდევი უკვდავი სული და ეხმარება კვლავაც ჩვენი ერის სულიერ აღდგომას“.

გუშინ წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე იყო. რა მოხდა მის თავს? იოანე ამხელდა მეფე ჰეროდეს უწესო ქცევაში, რადგან თავისი ძმის ცოლი ჰყავდა ცოლად. ამის გამო იოანე საპყრობილეში ჰყავდა ჰეროდეს, და თუმც კი ჰეროდეას (მის ცოლს) უნდოდა იოანეს სიკვდილით დასჯა, მეფეს (როგორც წერილში ვკითხულობთ) „ეშინოდა იოანესი, რადგან იცოდა, რომ ის იყო კაცი მართალი და წმიდა, და იფარავდა მას. როცა უსმენდა, დიდ საგონებელში იყო; ... და აი, დადგა დღე, როცა მან, თავის დაბადების დღეს, წვეულება გამართა, სადაც ხალხი ილხენდა. ჰეროდე იმდენად მოიხიბლა თავისი გერის, სალომეას ცეკვით, რომ გალაღებულმა, პირობა მისცა ყმაწვილ ქალს - რაც გინდა მთხოვეო. აქ დადგა ჰეროდიასათვის შურისძიების ჟამი და შვილს უთხრა, თხოვე იოანეს თავი მოგართვასო. ერთი სიტყვით, მართალ და წმიდა კაცს, იოანეს, თავი მოკვეთეს, მაგრამ მისი ბაგე ვერ დაადუმეს. თვით მოკვეთილი თავიც კი იოანესი ღაღადებს და ამხელს ჰეროდეს (როგორც იოანეს ცხოვრებაშია აღწერილი). მოგეხსენებათ, მართალი და წმიდა კაცის სიტყვა საფლავიდანაც კი ღაღადებს;

მოდით, კვლავ დავუბრუნდეთ პირველსავე სიტყვას ჩვენი თხრობისა და ვიკითხოთ:

რა დანაშაული ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს, რომ გესლიანი სიტყვითა და ცილისწამებით სიცოცხლეს უწამლავდნენ და ბოლოს „განაჩენიც გამოუტანეს“. ილია ამხელდა ერის ნაკლოვანებებს და ქვეყანას ეუბნებოდა სიმართლეს. ...და როგორც თვითონ განმარტავდა, ამას სიყვარულის გამო აკეთებდა და არა დასამცირებლად. თუმცა მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი მტერი ჰყავს სიმართლეს. ...და დღეს ილია მართლის მკვლელობის დღე არის, მაგრამ დღეს მისი დაბადების დღეც არის, რადგან ის არის გვირგვინმოსილი, მისი მკვლელობით მას მოწამეობრივი გვირგვინი დაედგა და მისმა სიტყვებმა, მისმა ღვაწლმა განსაკუთრებული უკვდავება შეიძინა.

დღესაც ღაღადებს ილია მართლის ყოველი სიტყვა, მისი ყოველი დარიგება. როგორც ვხედავთ, მართალი კაცის მართალ სიტყვას ვერაფერი ჩაახშობს, ვერც საპყრობილე, ვერც თავის მოკვეთა, ვერც დაფლვა, ვერაფერი შეზღუდავს მართალი სიტყვის გავრცელების საზღვრებს და ვერ დააკნინებს მის მნიშვნელობას; სიტყვას ვერ დაატყვევებ. თუ ადამიანი შინაგანად თავისუფალია, და თუ ის ჭეშმარიტად ღვთის სიყვარულით ნასაზრდოები, ღვთის სამართალს მიყვება, მას ვერ შეაშინებ და ვერ დაადუმებ.

ჩვენ დღესაც ვკითხულობთ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას. მისი მართალი და მადლიანი სიტყვა ნუგეშად მოეფინება და ფრთას შეასხამს ხოლმე ჩვენი ერის დიად მიზნებს. მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არ არის სასულიერო პირი, იგი სამართლიანადაა აღიარებული ერის სულიერ მამად! მისი სიტყვა კვლავაც გვიწინამძღვრებს.

დღეს, სანამ აქ წამოვიდოდი, წმიდა ილია მართლის სიტყვა წავიკითხე მაცხოვრის შობის შესახებ, რომელიც ერთგვარი ქადაგებაა, მადლიერი ერისკაცის მიერ ღვთის მიმართ აღვლენილი ერთგვარი ვედრებაცაა:
„დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული, ძველი აღთქმა, შეერყა საძირკველი კაცთა ცხოვრებასა, რომელსაც ქვაკუთხედად ედვა ძველის აღთქმის მოძღვრება: „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. სხვა მადლის მწყურვალმა სულმა კაცისამ იგრძნო, რომ ამ მოძღვრების საფარქვეშ ვეღარ იდგომილება დიდხანს, - და ძველი ქვეყანა ირყევა, ირღვევა, მიდის და იფუშება. იგრძნო, რომ იგი ღმერთი მსჯავრისა და შურისგებისა, ღმერთი წყრომისა და რისხვისა ამასთანავე კაცთმოყვარე, მადლის მომფენი, ყოვლად მოწყალე და ყოველთა შემწყნარებელი ღმერთიც უნდა იყოს.

ამ ქვეყნის რყევასა და რღვევაში ჯერ კარგად ვერგამორკვეული სასოება ადამიანისა, ჰხედავს-რა ძველს დედა-ბოძს სულის საფარისას წარსაქცევად გამზადებულს, ჰკვნესის და ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებულთ კაცთა ბაგითა. რყევისა და რღვევისაგან თავის ბუდიდამ ამომფრთხალი გული ადამიანის უთვისტომოდ, უბინაოდ ჰრჩება. გული შეშინებული, ელდაცემული ეძიებს ახალ სადგურს, ახალს ბინას, რომ ამოვიდეს ახალი ვარსკვლავი, ახალი ალიონი, რომელმაც უნდა გზა აჩვენოს და გააგებინოს ძველის ქვეყნის რყევისაგან ატეხილს მტვერ-ბუქსა და ბინდ-ბუნდში. ერთხელ წაირღვნა ქვეყანა, ეხლა-კი უნდა დახსნილ იქმნას და აი, ამ მხსნელს ელის ხსნის მწყურვალე სული.

„შენ, ბეთლემ, ქვეყანა ეგე იუდასი! - ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებული წანასწარმეტყველი: - არა სადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დამწყსოს ერთი ჩემი, ისრაელი!“

ადამიანი რაღაც ლოდინშია, გარღვეულ უფსკრულის წინაშე მდგომარე, სასოს არ იკვეთს, რომ მოვა მაცხოვარი და თავის ყოვლად-მხსნელს ხელსა მომაწვდისო, სასოებით აღსავსენი, სულით განდიდებულნი და აღფთოვანებულნი წინასწარმეტყველნი წინათ-ჰგრძნობენ ამა მოსვლასა და ვითა მახარობელნი ნუგეშს სცემენ გულწასულს ადამიანს, მოვაო, ოღონდ შენ „განმზადნე გზანი მისნიო“.

„აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოსი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსაო, - ჰღაღადებს სრულის რწმენის ღაღადითა წინასწარ-გრძნობით აღტაცებული ისაია წინასწარმეტყველი: - განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელჰყვენით ალაგნი მისნი“.

და აჰა ამა „გზათა განმზადებად და წრფელ-ყოფად ალათა მისთა“ მოევლინა ქვეყანას იოანე წინამორბედი „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. გულშერყეულს და ნუგეშის მწყურვალს ქვეყანას ჰგონია, რომ აი ეს არის იგი, ვინც ასე ძლიერ სწყურიან ჩვენს ობლად შთენილ სულსა და ვისაც ასეთის სასოებით მოველოდებითო. არაო, ეუბნება წინამორბედი იოანე:

"ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განხსნად ხამლთა მისთასა. მე ნათელ-გცეთ თქვენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეთ თქვენ სულითა წმიდითა“.

იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათელ-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, როგორც იოანე მახარობელი ამბობს, - „დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა... რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა... რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“. იშვა იგი, რომლის გამო სთქვა იოანე წინამორბედმავე:

„აჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი! ესე არს, რომელისათვის იგი ვსთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელიც პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს“.

"ნუ გეშინინ, - ახარებს ქვეყანას ანგელოზი: - ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი... და ესე იყო თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.

რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახლის აღთქმისა, რომელმან უნდა „აღიხვნას ცოდვანი სოფლისანი“. ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - მოვედინ, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენოთ თქვენ“, ღმერთი, რომელმანც უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“... მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად მისად თუ, - რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ „კურთხეულ არს დედათა შორის: „ყრმა-ღმერთი „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“, არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება: ყველაზედ უწინარეს ამ ხატითა უთქვა შობისავე უმალ იგი თავდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცუდმედიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელის საძირკველი „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“ და ამის მაგიერ შთაუდგა „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და ამაზედ ხელახლად დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მან თავისი ღვთაებრივი სისხლი და ზედ მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვართმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთისა მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან რას იქმნან; აი რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: „შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი... შენ სცან დაჯდომაი ჩემი და აღდგომაი ჩემი. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკვლიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინასწარ იხილენ... საკვირველ იქმნა ცნობა შენი ჩემგან, განძლიერდა და ვერ შეუძლო მას, შენ ხარ ხსნა ჩემი, შენი მოძღვრება - მაცხოვარ ჩემდა, და ვეღარსად განვერინო სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვეღარსად ვივლტოდე: აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ უნ ხარ. შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ: აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, - და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე“.

საოცარი სიტყვებია; შეუძლებელია ასეთის წარმოთქმა, თუ არა მადლი სულისა წმიდისა. რამდენი ასეთი მართალი, ტკივილიანი, მაგრამ იმედის მომცემი სიტყვა აქვს ილიას; რა საშუალებას და გზას არ მიმართავდა, რომ ეს ქვეყანა ეხილა ფეხზე დამდგარი, გამართული, გამარჯვებული. მაგრამ ბოროტი კვლავაც არ ისვენებს. გახსოვთ, მოციქულები ეკითხებიან იესო ქრისტეს: მოძღვარო, როდის ამოვიდა ეს სარეველა? როცა პატრონს ეძინა, მაშინ მტერი იგი კაცი მოვიდა და მან დათესაო.

სარეველას მთესევლი არის ბოროტი ენა, უსიყვარულობა, სიძულვილი, შური, ყოველგვარი ის უკეთურება, რომელიც ადამიანს განაშორებს თავის განსაკუთრებულ მისიას და დანიშნულებას. ილია ჭავჭავაძე მოკლეს, მაგრამ მისი სიტყვა ვერ მოკლეს, მაშასადამე, ვერც საქართველოს მოკლავენ!

ძალიან მძიმე გზას გადის ჩვენი სამშობლო. მთელი მისი ისტორიაც უმძიმესი გზაა და დღესაც არანაკლებ მძიმე გზაზე ვართ. ყველანი განვიცდით ამას. უფლისმიერი მშვიდობა თუ გვიშველის ჩვენ მხოლოდ; ...და ამ მშვიდობამ რომ დაისადგუროს ჩვენში, უნდა განვდევნოთ ჩვენი გულიდან და გონებიდან ყოველგვარი უკეთურება, ურთიერთშუღლი, სიძულვილი; ღმერთთან შეხვედრა თუ გინდა, მასთან მეგობრობა თუ გინდა, მიუტევე ზრუნვა შენი უფალსა. თვით მაცხოვარი ჩვენი გვმოძღვრავს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“.

ილია ჭავჭავაძე არის ჩვენი ერის „სინდისის ხმა“! იგი არის გამომაფხიზლებელი, გამომაღვიძებელი, განმამზადებელი ჩვენი ერის უკეთესი ცხოვრებისა! თუმცა კი, უკეთეს ცხოვრებას ხომ თავისი წინაპირობები აქვს და მას პირველ რიგში შინაგანი მზაობა სჭირდება. თუ ადამიანის გულში არ არის მადლი, მაშინ ამაოა ყოველი! თუკი ჩვენი ქრისტიანობის ფასის გაგება გვსურს, ის ჩვენს საქმეებში უნდა ვეძიოთ („კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების“). ქართველ კაცს ისევ ქართველი კაცის ავი ზნე თუ დაამარცხებს! მაგრამ აქ ღვთის იმედი უნდა გვქონდეს! გავიხსენოთ, მოციქული პავლე რას ეუბნება რომაელებს: „თუ ღმერთი ჩვენთან არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?“ და ჩვენც ამ მადლისმიერი იმედით აღვსილნი მტკიცე რწმენით ვამბობთ: უფალი არასდროს დაგვტოვებს! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ჩვენთან არს ღმერთი!" - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

 

Advertisement