Logo

მეუფე გრიგოლი – ძალიან ჭრელ და ძალიან მრავალფეროვან გარემოში ვცხოვრობთ, ერთმანეთთან ურთიერთობაში კარგად ვერ ვართ გარკვეული

Frontnews image description

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლის განცხადებით, მოვლენები, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა, ნამდვილად არ იყო მოსაწონი და მისაღები, თუმცა, მეუფე მოუწოდებს საზოგადოებას, კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილ შეცდომებს, გადაცდომებს, თუ დანაშაულებრივ ქმედებებს ნუ განაზოგადებენ და ამის გამო ეკლესიას ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას. 

 

“დღეს სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ. საზოგადოება ძალიან დაპირისპირებულია, პოლარიზებულია. სამწუხაროა, რომ ეს ნეგატივი ეკლესიაშიც გადმოდის. ჩვენ ვიცით, რომ იმან, რაც გასულ კვირაში მოხდა, ძალიან ბევრი ადამიანი აღაშფოთა, მაგრამ ჩვენ ყველა ქრისტიანები ვართ, რაშია საქმე? იქნებ სხვადასხვანაირად გვესმის ქრისტე, იქნებ სხვადასხვა სახარებას ვკითხულობთ, სხვადასხვა ბიბლიას ვეყრდნობით ჩვენს მსჯელობაში, მაგრამ არა. ბიბლია ერთია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ადამიანის აზრობრივი და გონებრივი შესაძლებლობები და უნარები განუზომელია და თუ ადამიანმა ორიენტირი  დაკარგა, სწორი ორიენტირი არ დაიჭირა… ჩვენი ორიენტირი არის ჯვარცმული მაცხოვარი. არა ჯვარმცმელი, არამედ ჯვარცმული, არა პილატე, არამედ  ქრისტე, არა სინედრიომი, რომელმაც მოითხოვა ჯვარზე გაკვრა. ასეთია რეალობა და ჩვენ დღეს ამას სხვადასხვანაირად ვკითხულობთ ხოლმე. როგორც არის წმინდა წერილში, გუშინ და დღეს და მომავალშიც, ქრისტი ერთი და იგივეა, ის არ იცვლება. ღვთის მადლი, მისი ძალა მაცხოვნებელი, მარადიულია და ვინც ამ მარადიულთან იქნება თანაზიარებაში, ის მარადიულობის მკვიდრი გახდება. ჩვენი ცხოვრების მიზანიც ესაა, დავიმკვიდროთ ცხოვრება საუკუნო. 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალ თაობასთან არ მოვიდეთ გაუცხოებაში, არ ვიყოთ აღქმული იმგვარად, როგორი აღქმაც თვითონ ჩვენს მომავალ თაობას დააზიანებს. მინდა, მარადიულობის მკვიდრნი გავხდეთ და ეს მემეტება სწორედ ჩვენი მომავალი თაობისთვისაც – მარადიული ცხოვრების მკვიდრობა. ამისთვის კი მარადიულ ღორებულებებთან მჭირდო კავშირი უნდა გქონდეს. შენი რწმენა უნდა გამსჭვალავდეს შენს აზროვნებას, ქმედებას. არ შეიძლება დავამახინჯოთ იესო ქრისტეს პიროვნება და მისი ცნებები. რატომ ვბაძავთ პილატეს და არა ქრისტეს? რატომ ვბაძავთ იმ ადამიანებს, ვინც ქრისტე ჯვარს აცვა? შევეცადოთ იმდენად გავძლიერდეთ, რომ მაღლა დავდგეთ იმ ემოციებზე, რომლებიც ხშირად სანანებელი გვიხდება ხოლმე, რომ სიტყვა წინ არ გვისწრებდეს. არ ვთქვათ ისეთი რამ, რასაც შემდეგ ნანობ ადამიანი. 

 

ძალიან ჭრელ და ძალიან მრავალფეროვან გარემოში ვცხოვრობთ, ერთმანეთთან ურთიერთობაში კარგად ვერ ვართ გარკვეული. ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ, ერთმანეთი უნდა მივიღოთ და ავიტანოთ. ბოლო დღეებმა ბევრი რამ დაგვანახა, რაც შეიძლება არ მოგვწონებოდა, მაგრამ ჩვენ,

 

კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილ შეცდომებს, გადაცდომებს, თუნდაც დანაშაულებრივ ქმედებებს ნუ განვაზოგადებთ და ამის გამო ეკლესიას ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესია, ერთი მხრივ, მოწოდებულია, რომ გვიქადაგოს ის ღირებულებები, რაც ჩვენ საუკუნო ცხოვრებას გვაზიარებს და ამავდროულად, ეკლესია არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები