მეუფე შიო - მიცვალებულებისთვის ლოცვა ჩვენთვისაც სასარგებლოა, უფრო მეტად ვფიქრობთ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება

ავტორი
Front News საქართველო
მიცვალებულებისთვის ლოცვა ჩვენთვისაც სასარგებლოა, ვინც მათთვის ვლოცულობთ, იმიტომ, რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ამ მიწიური ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე, ვფიქრობთ ჩვენს ზეციურ სამშობლოზე, უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება და უფრო მეტად გვინდება, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა.
მისი თქმით, ამ დღეს განსაკუთრებულად მოიხსენიება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სული.
"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს შევიკრიბეთ, რომ მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები, ჩვენი ახლობლები და განსაკუთრებით მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
უფალმა იესო ქრისტემ სადუკეველებს, რომლებსაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, ერთხელ ასეთი სიტყვები უთხრა: „ღმერთი არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა“ (მარკ. 12, 27). ჩვენ გვწამს, რომ სიკვდილის შედეგად ადამიანი არ ქრება, არამედ გადადის სხვა, მარადიულ სამყაროში, ეზიარება სულიერ ცხოვრებას. ამიტომ ეკლესიის მოწოდებით ვართ დღეს აქ, რომ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლებისთვის ვილოცოთ. ისინი ცოცხლები არიან და დადგება დღე, როცა იქნება ჩვენი მკვდრეთით აღდგომაც, როდესაც კვლავ ვიხილავთ მათ, შევხვდებით. ამიტომ წმინდა ეკლესია ყოველდღიურად იხსენიებს მიცვალებულებს, ლოცულობს მათთვის, მაგრამ ეკლესიაში დადგენილია ასევე განსაკუთრებული დღეები მიცვალებულთა მსახურებისთვის, მათი მოხსენიებისთვის. ერთ-ერთი ასეთი დღე არის სწორედ დღეს - თომას კვირის სამშაბათი.
როგორც იცით, ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესია აღნიშნავდა ჩვენს უმთავრეს დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას, როგორც ერთ დღეს. ყველა დღე აღდგომის ტოლფასია ბრწყინვალე შვიდეულში. უკვე თომას კვირის მეორე დღიდანვე ეკლესია ჩქარობს, რომ მიცვალებულებს ახაროს ქრისტეს აღდგომის შესახებ, რადგან სწორედ ეს სიხარული ახარა უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქ, ვიმეორებ, ახარა მიცვალებულებს გამოხსნა მათი სულებისა და სიკვდილის დამარცხება.
ამიტომაც არის, რომ ამ დღიდან იწყება მიცვალებულთა მსახურება. მანამდე არ ხდებოდა ეს ბრწყინვალე შვიდეულში, გამონაკლისები არის მხოლოდ მაშინ, როდესაც გარდაიცვლება ადამიანი და სრულდება წესის აგება. ოღონდ ის არა სამგლოვიარო, არამედ სააღდგომო ხასიათს ატარებს. ამაზე, სხვათა შორის, საუბრობენ ძველი წმინდა მამებიც. მაგალითად, იოანე ოქროპირი განმარტავს, რატომ ვიწყებთ მიცვალებულთა მოხსენიებას სწორედ ამ სამშაბათიდან. იმიტომ, რომ აღდგომიდან მეორე დღეს ახარებს უფალი მიცვალებულებს. ეს მეორე დღე ეკლესიის ლიტურგიკულ ენაზე ნიშნავს: „ერთი კვირის შემდეგ“. ერთი კვირა, როგორც გითხარით, ერთ დღეს უდრის. იგი ამბობს, რომ სწორედ ამ დღეს იკრიბებიან ადამიანები საფლავებზე, გადიან სასაფლაოებზე, იხსენიებენ მიცვალებულებს და ახარებენ, ზეიმობენ მათთან ერთად ამ დიდ მოვლენას. იმავეს ამბობს წმინდა ამბროსი მედიოლანელი და სხვა წმინდა მამები. ისინი ხსნიან, რატომ არის დადგენილი ეს დღე და აქამდე რატომ არ ხდებოდა მიცვალებულთა მოხსენიება. ასევე, ტრადიციისამებრ, იმისთვის, რომ ჩვენი ლოცვები გავაძლიეროთ მიცვალებულთათვის, ვურთავთ ამ ჩვენს ლოცვებს ქველმოქმედებას და მოწყალებას.
დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. გვახსენდება მისი ცხოვრება, მისი მოღვაწეობა, ყოველი დეტალი, მისი ყოველი ნათქვამი. იგი მრავალმხრივ იყო მაგალითი ჩვენთვის სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ დღეს მინდა მათ შორის გამოვყო ერთ-ერთი თვისება. ალბათ, მეუფეებიც და ყოველი თქვენგანიც დამეთანხმება, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული თვისება იყო საოცარი მოწიწება მიცვალებულთა მიმართ, მისი მშობლების მიმართ, ჩვენ გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, წინაპრების მიმართ, მეფეების, დედოფლების, კათოლიკოს-პატრიარქების მიმართ, როგორი ცოცხალი დამოკიდებულება ჰქონდა და როგორ გვასწავლიდა ამ ყველაფერს ჩვენ. ეს მაგალითი დაგვიტოვა სხვა ყველაფერთან ერთად.
ასე რომ, დღეს ჩვენ მას კიდევ ერთხელ ვიხსენიებთ დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მისი ღვაწლისთვის, მისი დანატოვრისთვის და ღმერთმა მოიხსენიოს, აცხონოს და შეიწყალოს მისი უკვდავი სული!
ღმერთმა დალოცოს და აცხონოს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები, ჩვენი წინაპრები, ვისაც დღეს ვიხსენიებთ! ყველა აცხონოს და სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს!
მიცვალებულებისთვის ლოცვა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენთვისაც სასარგებლოა, ვინც მათთვის ვლოცულობთ, არა მარტო მათთვის, არამედ ჩვენთვისაც. რატომ? იმიტომ, რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ამ მიწიური ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე, ვფიქრობთ ჩვენს ზეციურ სამშობლოზე, უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, რომ გამოვსწორდეთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება და უფრო მეტად გვინდება, დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა, რომლის ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა, მკვდრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! ქრისტე აღდგა!", - განაცხადა მეუფე შიომ.
თაგები:
მეუფე შიო




