Logo

მეუფე ზენონი - უწმინდესი პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც უწმინდესი პატრიარქი ილია, განსაკუთრებული და ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ

Frontnews image description

უწმინდესი პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც უწმინდესი პატრიარქი ილია, განსაკუთრებული და ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზენონ იარაჯულის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომლითაც ის უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მიმართავს.

"მის უნეტარესობას, უნეტარეს ეპიფანეს, მიტროპოლიტს კიევისა და სრულიად უკრაინისა, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს

თქვენო უნეტარესობავ,

მივიღეთ სამწუხარო ცნობა მისი უწმინდესობის, უწმინდესი ფილარეტის, კიევისა და სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქის გარდაცვალების შესახებ.

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება.

ამასთანავე, გულითადად გმადლობთ თქვენი უნეტარესობის მიერ გამოხატული თანაგრძნობისათვის, ნეტარხსენებული უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილიას გარდაცვალების გამო, რაც ჩვენთვის დიდ ნუგეშად იქცა ამ მძიმე დღეებში.

უწმინდესი პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც უწმინდესი პატრიარქი ილია, განსაკუთრებული და ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში. მათ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნეს ეკლესიისა და ერის მსახურებას, და ეს ღვაწლი სამარადისოდ დარჩება ჩვენი და მომავალი თაობების სულიერ მეხსიერებაში.

ამ დღეებში, როდესაც სრულიად საქართველო გლოვობს ნეტარხსენებული პატრიარქის, ილიას გარდაცვალებას, ჩვენი მწუხარება კიდევ უფრო გაღრმავდა. ეს თანადროული დანაკარგი გვაფიქრებს ღვთის განუსაზღვრელ სიბრძნესა და სიყვარულზე - "როდესაც მოიწია დროის სისრულე...“ (გალ. 4, 4). და ეს ჟამის სისრულე, ეს დრო საქართველოსა და უკრაინისათვის დადგა ერთად.

ეს არის ჩვენი რწმენის საიდუმლო, რომ მწუხარება გარდაიქმნება კურთხევად. ვესავთ ქრისტეს აღდგომის ნათელს, რომელშიც სიკვდილი აღარ არის დასასრული, არამედ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა.

გვჯერა, რომ პატრიარქ ფილარეტის სულიერი მემკვიდრეობა კვლავ გამოიღებს კეთილ და კურთხეულ ნაყოფს, ხოლო ეკლესიის ცხოვრება განუწყვეტლივ გაგრძელდება მისი მოღვაწეობის მემკვიდრეობით.

ღმერთმა დალოცოს მისი უწმინდესობის, პატრიარქ ფილარეტის სული და დააწესოს იგი ადგილსა მას, სადაცა მართალნი განისვენებენ, ამინ!" - წერს მეუფე ზენონი.

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში 20 მარტს გარდაიცვალა.

ფილარეტი ტომოსის მიღებამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 1995 წლიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა.

2018 წლის დეკემბერში ფილარეტმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის წოდება მიიღო. 2019 წელს მას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები