Logo

მიხეილ ყაველაშვილი - მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას

პოლიტიკა
121
Frontnews image description

"თქვენდამი უდიდესი მადლიერების გარდა, რასაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან იმსახურებთ, მასწავლებლის საქმიანობა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

"მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მხარს ვუჭერ თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც თქვენი საქმიანობის წახალისებისა და მოტივაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ არის მიმართული.  ბოლო წლებში, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რისი ერთ-ერთი მაგალითი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ დაწესებაა. მიხარია, რომ ინიციატივა, რომელიც პირველად 2 წლის წინ განხორციელდა, საზოგადოებაში ასეთი მოწონებით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, მისი მასშტაბები წლიდან წლამდე გაიზრდება და ამ პროცესში მეტი მასწავლებელი ჩაერთვება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან ასევე თავის გამოსვლაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება.

"აღსანიშნავია ისიც, რომ პირადად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, წელს, პირველად, საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტში 5 ღვაწლმოსილი მასწავლებელი შეირჩა და დაჯილდოვდა, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან. მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით მოგესალმოთ.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული პრემიის მიღებას.  თითოეულ ქართველ პედაგოგს კი კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენი სამშობლოს და შვილების უანგარო სიყვარულისთვის, თქვენი ამაგისთვის, რომელიც შეუფასებელია. გისურვებთ წარმატებებს და ულევ ენერგიას! იმისთვის, რომ კიდევ უამრავი ღირსეული, პატრიოტი ქართველი გაუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

Advertisement