მიხეილ ყაველაშვილი - მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი


ავტორი
Front News საქართველო
სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.
"ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი.
უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.
ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
"იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს.
მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც, მეზობლებს შორის ურთიერთნდობის და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა გზაჯვარედინს და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს