მიხეილ ყაველაშვილი - მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სრულ თანხვედრაშია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ცირკულარულ და რესურს-ეფექტურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესშია.
"2026 წლის იანვარში ქვეყანამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქციაზე, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯია.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს წყლის რესურსების მართვის რეფორმები. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, რათა გავზარდოთ უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა და გავაუმჯობესოთ ჩამდინარე წყლების წმენდის შესაძლებლობები, რაც ჩვენი მდინარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების უფრო ეფექტიანად დაცვის საშუალებას მოგვცემს.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად რჩება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი სარწყავი სისტემების მოდერნიზაცია, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი პრაქტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.
ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული ძალისხმევა დადებით შედეგებს გამოიღებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე მთელ რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




